ახალი ამბები

გიგა ბოკერიას რეკომენდაცია საგამოძიებო ორგანოებს

30 მარტი, 2013 • • 1025
გიგა ბოკერიას რეკომენდაცია საგამოძიებო ორგანოებს

1. პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატთა, საარჩევნო  კამპანიაში ჩართულ აქტივისტთა ან მხარდამჭერთა მიმართ ძველ  საქმეებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების  ფარგლებში დაკითხვისაგან თავის შეკავება, გარდა  ახლად ჩადენილი სამართალდარღვევებისა, რაც დაუყოვნებელ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს და ისეთი ვითარებებისა,  როცა საპროცესო ვადის დარღვევის საფრთხე იქმნება.
ასევე რეკომენდაცია ეძლევათ სამართალდამცავ ორგანოების  წარმომადგენლებს:

 

2. წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ საგამოძიებო მოქმედებებისგან იმ პირთა მიმართ, ვინც ამა თუ იმ ფორმით აქტიურობს რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერად, რათა გამოირიცხოს ძველი საქმეების გამოყენებით ოპოზიციური  პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ან  ხელის შეშლად აღქმის შემთხვევები. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 30 მარტს მთავრობის კანცელარიაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. კომისიის წევრებმა ყურადღება შუალედური არჩევნების პერიოდში ოპოზიციის აქტივისტთა  დაკითხვებზე გაამახვილეს. 

 

უწყებათაშორისი  კომისია რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავარ  პროკურატურას უზრუნველყოს:

 

1. პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატთა საგამოძიებო  მოქმედებების ფარგლებში დაკითხვისაგან თავის შეკავება  კენჭისყრის დღემდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმის  მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ან  იქმნება საპროცესო ვადის დარღვევის საფრთხე.

2. კანდიადატთა დაკითხვისაგან თავშეკავების რეჟიმი ასევე  გავრცელდეს შესაბამისი საარჩევნო ოლქის/უბნის შტაბის  აქტივის წევრებზე, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული  წინასაარჩევნო კამპანიაში. ამ პირთა სია საქართველოს  მთავარ პროკურატურას უნდა წარუდგინოს კანდიდატის  პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა/ამომრჩეველა საინიციატივო  ჯგუფმა. სიაში შეყვანილ პირთა რაოდენობა უნდა იყოს  გონივრული და შეესაბამებოდეს რეალობას. სია არ უნდა წარმოადგენდეს საგამოძიებო მოქმედებების  ჩატარებისათვის თავის არიდებისა და ხელშეშლის საშუალებას”. 

 

დღესვე განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დავით ჯანდიერმა. მისი თქმით,  მთავარი პროკურატურაა მზადაა თავი შეიკავოს საარჩევნო პროცესში ჩართული პირების დაბარებისგან: 

 

“მთავარი პროკურატურა მზად არის  არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად,  თავი იქნას შეკავებული იმ კანდიდატების დაბარებისაგან საგამოძიებო მოქმედებების შესრულბის მიზნით იმ საარჩევნო ოლქებში, რომლებშიც ისინი იყრიან კენჭს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი საპროცესო ვადები მოითხოვს საწინააღმდეგოს, ან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. მთავარი პროკურატურა მზადაა ეს წესი გაავრცელოს ასევე საარჩევნო აქტივისტ წევრებზე” – განაცხადა დავით ჯანდიერმა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი