ახალი ამბები

სამართალდამცავების მხრიდან შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები ომბუდსმენის ანგარიშში

1 აპრილი, 2013 • 931
სამართალდამცავების მხრიდან შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები ომბუდსმენის ანგარიშში

ომბუდსმენის განცხადებით, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ საჯაროდ იქნა გაცხადებული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ:

 

“2012 წლის 20 დეკემბერს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლის თანაშემწეზე საქართველოს შინაგან საქმეთა თანამშრომლის მხრიდან განხორციელდა ზეწოლა სასამართლოს მუშაობის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

 

2013 წლის 17 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს აცნობა, რომ 2013 წლის 4 იანვარს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ი.ბ-ის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

“მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ყველა იმ ფაქტზე, რომლებშიც საუბარია სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფასა თუ სხვა სახის დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებზე, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება, რათა აღნიშნული არ იქცეს სისტემურ პრობლემად”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

საპარლამენტო ანგარიშის ამ ნაწილში ომბუდსმენი რამდენიმე კონკრეტულ საქმეზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორისაა მოქალაქე ზ.ხ-ის საქმე, რომელმაც სახალხო დამცველის რწმუნებულს განუცხადა, რომ 2013 წლის 8 თებერვალს სამართალდამცავებმა მის მიმართ განახორციელეს არასათანადო მოპყრობა, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დაარღვიეს კანონმდებლობით გარანტირებული პროცესუალური უფლებები. 

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წერილობით აცნობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, რომ 2013 წლის 20 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი