ახალი ამბები

მიქაუტაძე: რეგულაციების მოლოდინში სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე ვერ დავტოვებდით

3 ივლისი, 2017 • 2031
მიქაუტაძე: რეგულაციების მოლოდინში სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე ვერ დავტოვებდით

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ახალი რეგულაციების მოლოდინში საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე ვერ დატოვებდა.

დღეს, 3 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველ სხდომაზე საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დააყენა წინადადება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე სრული, 5-წლიანი ვადით მხოლოდ მას შემდეგ დაენიშნათ, როდესაც გაიწერებოდა დანიშვნის მკაფიო რეგულაციები. მანამდე, ჯანეზაშვილის თქმით, თავმჯდომარე გარკვეული, 3 ან 6 თვის ვადით მოვალეობის შემსრულებლად უნდა დაენიშნათ.

ამ ინიციატივას მოსამართლე წევრების წინააღმდეგობა მოჰყვა და ჯანეზაშვილი ამ წინადადების გამო ორმაგი სტანდარტების ქონაში დაადანაშაულეს. საბჭოს წევრებმა უთხრეს, რომ როდესაც “მოსამართლეთა ერთობაში” იყო,   სასამართლოს თავმჯდომარეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა. “მოსამართლეთა ერთობის” ახლანდელმა დირექტორმა, სალომე ნიჟარაძემ, რომელიც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, ნეტგაზეთთან საუბრისას თქვა, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად არა კონკრეტული ვადით დანიშვნას, არამედ მათთვის მიუღებელი იყო მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა განუსაზღვრელი ვადებით.

“საბჭომ იმოქმედა მოქმედი კანონით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში და დანიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე… ისეთ სასამართლოში, როგორიც არის თბილისის საქალაქო სასამართლო, სადაც უფლებამოსილებას 103 მოსამართლე ახორციელებს, დანიშნული არის 500-ზე მეტი აპარატის თანამშრომელი, თავმჯდომარის გარეშე მუშაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, საბჭოს არ ჰქონდა ფუფუნება, ახალი რეგულაციების მოლოდინში თავმჯდომარის გარეშე დაეტოვებინა თბილისის საქალაქო სასამართლო. თავის დროზე მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა ძალიან მწვავე კრიტიკის საგანი ხდებოდა. ისმოდა ბრალდებები, რომ საბჭო იტოვებდა დამატებით ბერკეტებს სასამართლოს თავმჯდომარეებზე ზემოქმედების მიზნით. შესაბამისად, არ იყო მიზანშეწონილი მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა, თუმცა ჩვენ დღეს განსხვავებული პოზიცია მოვისმინეთ საბჭოს წევრისგან, რასაც არ ვეთანხმები,”- განაცხადა მიქაუტაძემ.

3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ საბჭომ 13 ხმით ვასილ მშვენიერაძე დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი