ახალი ამბები

საია მაღალჩინოსანი პოლიციელის ქმედების ადეკვატურ სამართლებრივ შეფასებას ითხოვს

28 მარტი, 2013 •
საია მაღალჩინოსანი პოლიციელის ქმედების ადეკვატურ სამართლებრივ შეფასებას ითხოვს

საია–ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დღეს, 28 მარტს, პრესკონფერენცია გამართა საია–ს თბილისის ოფისში.

 

კახა კოჟორიძის განცხადებით, შსს–ს გამოხმაურება დღეს, ბათუმში მომხდარ ინციდენტზე არის ცალმხრივი, რადგან ეხება მხოლოდ საია–ს წარმომადგენლების მხრიდან სავარაუდო დარღვევას და არ ეხება შსს–ს მაღალჩინოსნის ქმედებას, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს.

 

“ჩვენი ინფორმაციით, პსპ–ს ვიდეოთავლი იღებდა მიმდებარე ტერიტორიას და ჩვენ მივმართავთ შსს–ს, გამითხოვოს ეს ინფორმაცია. იმედია, ეს ჩანაწერი არ გაქრება”, – განუცხადა კოჟორიძემ ჟურნალისტებს.

 

კახა კოჟორიძის თქმით, თუ მათი თანამშრომელი რაიმეს არღვევდა, ისინი არ აპირებენ მისთვის ხელის დაფარებას, თუმცა, ეს ასე რომც ყოფილიყო, ეს არ აძლევდა უფლებას შსს–ს მაღალჩინოსან ვალერი თელიას, ვინმეს მიაყენოს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

როგორც საია–ს თავმჯდომარემ განაცხადა, წინა ხელისუფლების პირობებში შსს–ს ჰქონდა ნაკლები ნდობა იმის გამო, რომ სხვა პირები კანონის მთელი სიმკაცრით ისჯებოდნენ, იგივე კანონი კი არ სჯიდა მაღალჩინოსნებს.

 

კახა კოჟორიძის განმარტებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, ერთ–ერთ შეხვედრაზე მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილსაც მიმართა, რომელმაც პირობა დადო, რომ ამ საქმით პროკურატურაც დაინტერესდება.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის მძღოლმა როინ ფარტენაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, როგორ მოხდა ინციდენტი მასსა და აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერი თელიას შორის.

 

მისი თქმით, თელიას მანქანამ მათ გზა გადაუჭრა სიგნალით: „ჩვენ გზა დავუთმეთ, მაგრამ თავი გამოყო ფანჯრიდან და თქვენ ვინ ხართ, ნახე, რას გიზამთო, ვუპასუხე: რა უნდა მიქნა-თქო. გავაჩერე მანქანა, მანაც გააჩერა, გადმოვიდა და პულოვერზე მექაჩებოდა.”

 

როინ ფარტენაძემ ჟურნალისტებს გახეული პულოვერი აჩვენა.

 

„რომ დაიძაბა სიტუაცია, მანქანიდან გადმოვიდა გიორგი ხიმშიაშვილი, რომელმაც სიტუაციის განმუხტვა სცადა, ამ დროს თელიამ გამოიქნია სიგარეტის ბიჩოკი ჩვენი მიმართულებით”.

 

შსს–მ ინციდენტის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა საია–ს თანამშრომლის სიმთვრალესთან და მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით, თუმცა ვალერი თელიას ქმედებასთან დაკავშირებით მხოლოდ ის განაცხადა, რომ დაწყებულია შიდა მოკვლევა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი