გრიგოლ ვაშაძე მოსკოვში წერილის გაგზავნას ადასტურებს

საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა იმ წერილის ნამდვილობა, რომელიც მის მიერ რუსეთის კულტურის სამინისტროშია გაგზავნილი 2008 წლის ნოემბერში, აგვისტოს ომიდან 3 თვის შემდეგ.

საქართველოს იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი დღეს, 27 მარტს გაასაჯაროვა “საქართველოს

გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა გია ხუხაშვილმა, რომელიც პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.

“ლამის მუხლებს უკოცნის და შენი მუხლების ჭირიმეო, ლამის ამ ტონში ესაუბრება და იქვე სთავაზობს და შეიძლება ითქვას ეხვეწება კონცერტების ჩატარებას, მათ შორის “ერისიონის”, რუსეთში. ეს ხდება მაშინ, როცა ქართველი ჯარისკაცების გვამები ჯერ არ არის გაცივებული, ანუ ომიდან სამი თვის თავზე. ქართული საზოგადოება შოკიდან ჯერ არ არის გამოსული და ამ დროს მონური მორჩილებით, ყოვლად ამაზრზენი რიტორიკით რუსეთს სთავაზობს, რომ ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები და კონცერტებს ჩვენ დავაფინანსებთ. ეს ადამიანები ამ დღეებში მორალს უკითხავდნენ “ერისიონს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა. გია ხუხაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნული წერილის ასლები დაურიგა, სადაც ნამდვილად წერია, თუ როგორ სთავაზობს გრიგოლ ვაშაძე ქართველებისა და რუსების დახლოების მიზნით სხვადასხვა კულტურული ღონისძიების დაფინანსებას რუსეთში.

 

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა განუცხადა “რუსთავი 2–ს”, გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის სამინისტროს სთავაზობდა, რუსეთში გამართულიყო რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების, ოპერისა და ბალეტის თეატრის, ასევე “ერისიონისა” და სხვა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები და გამოფენები.

 

“ეს წერილი არის უზარმაზარი აისბერგის წვერი. ამას თბილისში წინ უძღვოდა რამდენიმე ემისრის ვიზიტი. ამას წინ უძღვოდა მოსკოვიდან ჩემთვის გამოგზავნილი მესიჯები. ამაზე საუბრის უფლებას ჩემს თავს არც ახლა და არც 20 წლის შემდეგ აღარ მივცემ”, – ასე გამოეხმაურა გრიგოლ ვაშაძე გია ხუხაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს “რუსთავი 2–ის” ეთერით. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ეს იყო კონფიდენციალური ინფორმაცია და არავის არ ჰქონდა უფლება, ეს წერილი გადაეცა გია ხუხაშვილისთვის, რადგან ის არც ერთი სახელმწიფო უწყების თანამშრომელი არ არის. შესაბამისად, ვაშაძე აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ითხოვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge