ახალი ამბები

აზეირბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აფგან მუხთარლის გატაცებაზე

30 ივნისი, 2017 • 2255
აზეირბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აფგან მუხთარლის გატაცებაზე

აზეირბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების შესახებ „ბათუმელებმა“ შეკითხვა აზეირბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ფარჰად აბდულაევს დაუსვა. იგი ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების საერთაშორისო კონგრესის მონაწილეა, სადაც 40-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი.

„მე არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში გაიტაცეს [აფგან მუხთარლი]. ეს ამბავი მხოლოდ მედიისგან გავიგე. ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თითოეულ ჟურნალისტს აქვს თავისი შეხედულება, ხედვა, სხვებს შესაძლოა ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული ხედვები. ეს უფლება უნდა იყოს დაცული,“ – გვითხრა ფარჰად აბდულაევმა.

ფარჰად აბდულაევმა სხვა კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. მან ასევე კატეგორიული უარი განაცხადა ფოტოს გადაღებაზე.

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი ბათუმში გრძელდება.


 

 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, საღამოს, თბილისში საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი