ნეტგაზეთი | საქართველო და სომხეთი ბიზნესკომპანიების დასახმარებლად სამუშაო ჯგუფს ქმნიან საქართველო და სომხეთი ბიზნესკომპანიების დასახმარებლად სამუშაო ჯგუფს ქმნიან – Netgazeti
RU | GE  

საქართველო და სომხეთი ბიზნესკომპანიების დასახმარებლად სამუშაო ჯგუფს ქმნიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა, გიორგი გახარიამ და სომხეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა, სურენ კარაიანმა ერევანში საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ერთობლივი ბიზნესფორუმი გახსნეს.

„ჩვენ ვართ პარტნიორები, მეზობლები, კარგი მეგობრები და დროა, მთელი ჩვენი ძალისხმევის კონცენტრირება მოვახდინოთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები იყოს კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტური.  მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის სტატისტიკის ციფრები გაუმჯობესდა, კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა შევუწყოთ ხელი ორი ქვეყნის კერძო კომპანიებს ერთმანეთს შორის ურთიერთობებისა და ვაჭრობის განვითარებაში“ – განაცხადა გიორგი გახარიამ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს.

გახარიას განცხადებითვე, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკის სამინისტროების დონეზე შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც 24 საათის განმავლობაში კავშირზე იქნებიან ერთმანეთთან იმ შემთხვევებისთვის,  თუ რაიმე პრობლემა შეექმნება რომელიმე სომხურ კომპანიას საქართველოში, ან ქართულ კომპანიას სომხეთში, ან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე.

„ასევე ჩვენი სამინისტროების დონეზე  მინისტრის მოადგილები შეისწავლიან ჩვენი ქვეყნების იმპორტის სტრუქტურას და სადაც შესაძლებელი იქნება, რომ  იმპორტის  ნაწილში დავეხმაროთ ერთმანეთს, ამ პოტენციალსაც აუცილებლად გამოვიყენებთ, რადგან ეს არის უკვე არსებული, მზა პოტენციალი ჩვენი ბაზრების განვითარებისთვის“.

გიორგი გახარიას ინფორმაციით,  მხარეებს შორის დაიწყო მუშაობა ერთობლივ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ-სომხური კომპანიების ერთობლივი წარმოებებისა  და ერთმანეთთან პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში  წვდომის გახსნას მესამე ბაზრებზე.

„ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ყველაფერში იმისთვის, რომ თქვენ, მწარმოებლებს გაგიადვილდეთ პროდუქციის რეალიზება. ჩვენი ძირითადი მესიჯი ის არის, რომ თქვენი ბიზნესი ჩვენს ქვეყნებში სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაცული. ლოგისტიკა, ტრანსპორტი, წარმოება, ტურიზმი, მომსახურების სფერო – ეს ის სექტორებია, სადაც ერთობლივად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი. სწორედ თქვენს ერთობლივ თანამშრომლობას, თქვენს მისწრაფებას, ერთობლივად გახვიდეთ მესამე ბაზრებზე, გარანტირებულად ექნება სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა“.  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი