ახალი ამბები

ავტომობილის არაასწორი პარკირებისთვის ჯარიმა 20 ლარამდე აღარ გაიზრდება

29 ივნისი, 2017 • 2321
ავტომობილის არაასწორი პარკირებისთვის ჯარიმა 20 ლარამდე აღარ გაიზრდება

დღეს, 29 ივნისს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 89 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ავტომობილის არასწორი პარკირებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 20 ლარამდე არ გაიზრდება და ისევ 10 ლარი იქნება.

2017 წლის 1 ივლსიიდან უნდა ამოქმედებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლი, რომლის მიხედვით,   ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნების დაუცველობა, აგრეთვე დგომა- გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევდა დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის განამრტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული მუხლით დაჯარიმების (ოქმის შედგენის) უფლებამოსილება აქვთ როგორც შინაგან საქმეთა ორგანოებს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურებს, ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. საქართველოს დედაქალაქის შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ნორმატიული აქტით, ამ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შპს „სი-ტი პარკს”, რომელსაც ,,ქ. თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს  ექსკლუზიური მართვის უფლება 2024 წლის 31 დეკემბრამდე აქვს გადაცემული.

ამავე განმარტებით, სამომავლო პერსპექტივაში, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ საჯარიმო სანქციის შემცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ფორმალური თვალსაზრისით არ არის გამორიცხული დღის წესრიგში დადგეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებს შპს „სი-ტი პარკის” უფლებამოსილებას შემოსავლის ნებისმიერი შემცირების გამო მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია, რაც კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ფინანსურ ვალდებულებად დააწვება ადგილობრივ თვითმმართველობას.

“ამის გათვალისწინებით ამ ეტაპზე მიზანშეწონილია ჯარიმა არ გაიზარდოს,” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი