ახალი ამბები

დეკანოზის ადვოკატი: ბრალდების მოწმეების დაკითხვამ პროკურატურის პოზიცია შეასუსტა

29 ივნისი, 2017 • 2073
დეკანოზის ადვოკატი: ბრალდების მოწმეების დაკითხვამ პროკურატურის პოზიცია შეასუსტა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს განაცხადა, რომ ადვოკატ ლილი გელაშვილის ჩვენებამ ბრალდების პოზიციები შეასუსტა, რასაც არ ეთანხმება პროკურატურა.

”ამ მოწმეთაგან შედარებით მნიშვნელოვანი მოწმე დაკითხეს, ეს იყო ლილი გელაშვილი, რომელმაც პრაქტიკულად გაიმეორა ის, რასაც ვამბობთ. ეს არის ის, რომ სასამართლო იმართება ერთი რამისთვის – ამზადებდა თუ არა დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას. მე დავუსვი შეკითხვა და მან პირდაპირ თქვა, რომ არ იცოდა. შესაბამისად, შემდეგი კითხვა იყო, საერთოდ, როცა ურჩიეთ ირაკლი მამალაძეს პროკურატურისთვის მიემართა, მაგ დროს ხომ არ გქონდათ ეჭვი, რომ შორენა თეთრუაშვილის მიმართ რაიმე მზადდებოდა? ამაზე მან გვიპასუხა, რომ მსგავსი ეჭვი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, დავუსვით შეკითხვა, გადაამოწმა თუ არა მან, რისთვის სჭირდებოდა ციანიდი დეკანოზს, რაზეც გვიპასუხა, რომ ეს არ გადაუმოწმებია. შესაბამისად, ქალბატონი გელაშვილის დაკითხვის შემდეგ ბრალდება შესუსტდა. შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება არ დასტურდება”, – განაცხადა ფანცულაიამ.

ადვოკატის თქმით, ასევე დაკითხეს ირაკლი მამალაძის მეგობრები, რომლებიც წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში საუბრობდნენ, თუ როგორი კარგი პიროვნებაა ირაკლი მამალაძე.
“ერთი მხრივ, გამოძიებას აძლევდნენ ჩვენებას, როგორ კარგად იცნობდნენ ირაკლი მამალაძეს, ხოლო როცა ჩვენ აქ შეკითხვას ვუსვამდით, ელემენტარული რაღაცები არ იცოდნენ მამალაძის შესახებ. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, საერთოდ რა დანიშნულებით იყვნენ ისინი გამოძიებისთვის მიყვანილი”-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით კი, ამ სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ დაცვის მხარე და ბრალდებული ტყუიან.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ ბრალდებული გვატყუებდა, როდესაც ბრალდებულმა განაცხადა, თითქოსდა ცეცხლსასროლი იარაღი ირაკლი მამალაძემ გადასცა მას შესანახად. დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც გამორიცხეს ირაკლი მამალაძის მონაწილეობა ცეცხლსასროლ იარაღთან და განმარტეს, რომ ირაკლი მამალაძეს არასდროს არ ჰქონია რაიმე შეხება ცეცხლსასროლ იარაღთან,” – განაცხადა ზვიად გუნელაძემ.

“ლილი გელაშვილმა ისაუბრა, რომ ირაკლი მამალაძე მასთან მივიდა იურიდიული კონსულტაციისთვის და მასთან ისაუბრა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე დაინტერესებული იყო კალიუმ ციანიდის შეძენით და აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი მამალაძეს გაუწია კონსულტაცია. რის შემდეგაც შეხვდა ირაკლი მამალაძე გიორგი მამალაძეს არაერთხელ, ჩაწერა, შემდეგ მიმართა პროკურატურას განცხადებით და დაიწყო გამოძიება. ლილი გელაშვილი დაიკითხა გიორგი მამალაძის მხრიდან კალიუმ.ციანიდის შეძენის ფაქტზე, რაც ლილი გელაშვილმა ჯატეგირიულად დაადასტურა. ლილი გელაშვილს გიორგი მამალაძესთან შეხება არ ჰქონია, მან ინფორმაცია იცის ირაკლი მამალაძისგან გადმოცემით. როგორც ირაკლი მამალაძემ დაადასტურა, გიორგი მამალაძეს კალიუმ ციანიდი, შემდეგ ნატრიუმ ციანიდი მკვლელობის მიზნით სჭირდებოდა გიორგი მამალაძეს. იგივე დაადასტურა ლილი გელაშვილმა.”, – ამბობს პროკურორი.
პროკურორს არ დაუდასტურებია, იცოდა  თუ არა ლილი გელაშვილმა, ან ეჭვობდა თუ არა, ვის მოსაკლავად სჭირდებოდა ციანიდი ბრალდებულ დეკანოზს.

რაც შეეხება ირაკლი ფურცხალავას საკითხს, პროკურორი მიიჩნევს, რომ იგი ამ კონკრეტულ საქმესთან შემხებლობაში არაა:
“ის არ არის შემხებლობაში საქმესთან, მით უმეტეს, ფირცხალავას ასეთი დაუსაბუთებელი განცხადება არ უნდა მიეღო მოსამართლეს მტკიცებულებად. ამ განცხადებასთან დაჯავშირებით მიმდინარეობს გამოძიება მოწმეზე ზემოქმედების კუთხით და გამოძიების დეტალები შემდეგ გახდება ცნობილი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი