ახალი ამბებისამართალი

ქურდობის გახშირებული ფაქტები მუსიკალურ ფესტივალზე თბილისში

28 ივნისი, 2017 • 6522
ქურდობის გახშირებული ფაქტები მუსიკალურ ფესტივალზე თბილისში

TBILISI OPEN AIR 2017–ის ორგანიზატორები და მსმენელების ნაწილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობენ, რომ დადებითად აფასებენ სამდღიან ღონისძიებას, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ გასულ წლებთან შედარებით გაცილებით ხშირი იყო ქურდობის ფაქტები.

“წელს გამორჩეულად წარმატებული და დადებითი სამდღიანი ღონისძიება იყო, რომელიც დასამახსორებელი იყო კარგი ორგანიზებულობით, სასიამოვნო ლაინ-აფით და ზღაპრული გარემოთი. ამ სამდღიან ფანტასტიკურ გარემოში, ჩვენდა სამწუხაროდ, მოხდა რამდენიმე ქურდობის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტები ბოლო პერიოდში გახშირდა თბილისში, მათ შორის ღამის კლუბებში,” – ამბობს სოფო ებრალიძე, ფესტივალის მედიაკოორდინატორი.

ქურდების მსხვერპლთა დიდი ნაწილი ვაკე–საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში წერდნენ ქურდობის შესახებ განცხადებებს. ერთ–ერთი გოგონა, რომელსაც მობილური, ჩანთა და საფულე ერთდროულად ააცალეს გვერდიდან, ამბობს, რომ მთელი პოლიციის განყოფილება სავსე იყო ფესტივალზე დაზარალებულებით, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ 16–17–18 ივნისს ქურდობის მხოლოდ 10-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც მეცვა, ის შემრჩა მარტო. არ გეგონოთ, სადმე დავტოვე ნივთები უყურადღებოდ, მივედი და აღარ დამხვდა. გვერდიდან ამაცალეს,” – ამბობს ერთ–ერთი დაზარალებული.

შსს–ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა) მიმდინარეობს. მათი თქმით, სამართალდამცველებმა ყველა ფაქტზე მოახდინეს რეაგირება, თუმცა თითქმის ორი კვირის განმავლობაში არც ერთი საქმეა გახნილი.

ქურდობის ფაქტები ფესტივალის პირველივე დღეს დაფიქსირდა. დაზარალებულები ამის შესახებ აქტიურად წერდნენ სოციალურ ქსელში, რის გამოც შემდეგი ორი დღე ყველა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა პირად ნივთებს, თუმცა ფესტივალის ბოლო დღეს, გამთენიისას, კიდევ ორი ადამიანი გახდა ქურდების მსხვერპლი.

“19 ივნისს, გამთენიისას, ჩანთა მომპარეს. მე და ჩემს მეგობარს ერთად გვედო ნივთები. ჰამაკში ვისხედით და დროდადრო ვამოწმებდით, ადგილზე იყო თუ არა. მე ჩამეძინა, იმანაც თვალი მოხუჭა ცოტა ხნით და მერე მითხრა შეამოწმეო და აღარ იყო ჩანთები… მეგობრის ჩანთა დააბრუნეს ცარიელი, შემოსასვლელთან იდო. ჩემი შედარებით დახუნძლული იყო და ჩანთის გარეშე ვერ წაიღეს, ეტყობა. ტელეფონი, პირადობა, ბარათები, სუნამო და რაღაც წვრილმანი ნივთები მედო. ცოტა არ გაუმართლათ – ქეში ჯიბეში მედო. პოლიციამ განყოფილებაში მიგვიყვანა მალევე, მაგრამ არამგონია იპოვონ რომელიმეს ნივთი,” – ამბობს ნანსი მელოუ.

ნანსის თქმით, მობილურში ფეისბუკის ბრაუზერი წაშალა, რომ ტქურდი ტელეფონიდან ვერ შესულიყო მის ანგარიშში. სავარაუდოდ, აპლიკაცია მაინც ჩართო დამნაშავემ და კომპიუტერში მიჩვენა, რომ ვიღაც ცდილობდა ჩემს ანგარიშში შესვლას:

ზუსტი ადგილმდებარეობა მანახა, თუ სად შეიძლებოდა ჩემი მობილური ყოფილიყო იმ კონკრეტულ მომენტში. პოლიციას ვაცნობე, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს – ეგ ისე აჩვენებს, რეალურად, დიდ არეალზე იქნება და სად ვეძებოთო.”

პოლიციის იმედი არ აქვს კიდევ ერთ დაზარალებულს, ანანო ოდიშელიძეს. ის არ არის დარწმუნებული, რომ მობილური მოპარეს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, თავისუფლად შეეძლო მპოვნელს დაებრუნებინა მისი საკუთრება, რაც არ გააკეთა.

“როგორც კი გავაცნობიერე, რომ მობილური დავკარგე, მეგობრის ტელეფონიდან ვრეკავდი გაუჩერებლად. მერე მეგობრის მობილურს ვტენიდი დაზღვევის ადგილას, მიწაზე იდო და 5 წუთში რომ ავიღე ისევ ხელში, ჩემი ნომრიდან იყო ზარი შემოსული. გამიხარდა… ვიფიქრე, ვიღაცამ იპოვა და დაკავშირებას ცდილობს-მეთქი. მერე დილის 5 საათამდე ვრეკავდი და არ იღებდა. კვირას დილით საერთოდ გათიშა. პოლიციის იმედი არ მაქვს. ქურდობაზე განცხადების დასაწერად მივედი განყოფილებაში და ნერვები მომიშალეს. ოთხი გამომძიებელი მიხსნიდა, რას ნიშნავდა ქურდობა; ეგ შენ დაკარგე და მერე ვინმემ რომ აიღო, ბუნებრივიაო. ცრუ ჩვენებაზე ისევ შენ მოგეკითხებაო, თუ რაღაც ასეთი მითხრეს. რამდენიმე დღეში ისევ მივედი, მაგრამ აზრი არ აქვს,” – ამბობს ანანო ოდიშელიძე.

დაკარგული და მოპარული ნივთების შესახებ არაერთი პოსტი იწერებოდა Tbilisi Open Air 2017-ის ფეისბუკის ივენთზეც. იშვიათად, მაგრამ ზოგს მაინც უმართლებდა, რადგან მათი დაკარგული ნივთები კეთილსინდისიერი ადამიანების ხელში აღმოჩნდა. ფესტივალის სალაროში და ორგანიზატორებამდე მიიტანეს, მაგალითად: პირადობები, სტუდბილეთები და რამდენიმე ტელეფონი.

“მიუხედავად ამისა, დაკარგული ნივთების უმეტესობა ფესტივალს არ დაბრუნებია. ჩვენ, როგორც ფესტივალი, პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ დაკარგულ ნივთებზე, ერთადერთი რაც შეგვიძლია, არის, რომ მოვუწოდოთ და ვთხოვოთ მსმენელებს, უფრო ყურადღებით იყვნენ. მუსიკა ათავისუფლებს, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთი ადამიანი ამით ძალიან ცუდად სარგებლობს, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დაჯგუფებები გამოვლინდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარი დაკარგული ნივთების დაბრუნებას,” – ამბობს სოფო ებრალიძე.

Tbilisi Open Air 2017 –ზე განსაკუთრებით გამკაცრებული იყო კონტროლი ძირითად შესასვლელებში, რაც პრაქტიკულად გამორიცხავდა ფესტივალზე უბილეთოდ შეღწევას. თუმცა ფაქტია, “ლისის საოცრებათა კუნძულზე” შესაღწევად გადახდილი ფული ზოგმა დანაშაულებრივი გზებით, ქურდობით ამოიღო. მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 16 ივლისს დაიწყო და 18 ივნისს დასრულდა, ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. სტუმრებს 50-ზე მეტი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მოსმენის საშუალება ჰქონდათ. საფესტივალო სივრცე, ტრადიციულად, რამდენიმე სცენითა და განსხვავებული ზონებით იყო მოწყობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი