ახალი ამბები

ადვოკატი: შსს-ს მიერ მუხთარლის დაკითხვის შემდეგ ახალი გარემოება ცნობილი ვერ გახდება

27 ივნისი, 2017 • 2250
ადვოკატი: შსს-ს მიერ მუხთარლის დაკითხვის შემდეგ ახალი გარემოება ცნობილი ვერ გახდება

შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე გამოძიების შედეგს ვერ მიიღებენ, სანამ უწყებას თავად დაკავებულის ჩვენება არ ექნება. ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით კი, მიმდინარე გამოძიებაში ჩვენების არარსებობა დაბრკოლებას არ ქმნის და ის, რაც შესაძლოა შსს-მ გატაცებული ჟურნალისტისაგან მოისმინოს, საქმეში მისი ცოლის, ლეილა მუსტაფაევას ჩვენების სახით არსებობს:

“აღნიშნულზე ჩემი პოზიცია არის, რომ ეს განცხადება და ეს არგუმენტი არ არის იმის საპირწონე, რომ არ გამოქვეყნდეს გამოძიების შუალედური შედეგები. ვინაიდან ის, რაც შეუძლია აფგან მუხთარლის, რომ უთხრას გამოძიებას, დეტალურად აქვს აღწერილი თავის ჩვენებაში ლეილა მუსტაფაევას გადმოცემით. ამდენად, ახალი რაიმე გარემოება ცნობილი ვერ გახდება და თუ რაიმე დამატებითი კითხვა აქვს გამოძიებას, შეიძლება ასევე ირიბი მოწმის ჩვენებით იყო ეს ინფორმაცია მიღებული. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თუ უშუალოდ ქართველი გამომძიებლები დაკითხავენ აფგან მუხთარლის, მაგრამ ეს არ წარმოადგენს რაიმე დამაბრკოლებელ გარემოებას მიმდინარე გამოძიებისთვის,” – აცხადებს ჩოფიკაშვილი.

დღეს ჩოფიკაშვილი და მუსტაფაევა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ. როგორც ისინი შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებენ, პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე გამოძიებისა და ევროსასამართლოში დაყენებული მოთხოვნის შესახებ.

“პრეზიდენტისაგან მოვისმინეთ, რომ ის მომავალშიც აქტიურად მიადევნებს თვალს საქმის განვითარებას,” – ამბობს ადვოკატი.

ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მათ მიიღეს პირობა, რომ საქმე პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ დარჩება და პრეზიდენტი საკუთარი პოზიციის ერთგული იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი