საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის დაკითხვის გარეშე საქართველოში მიმდინარე გამოძიების შედეგები ვერ დადგება.
“მივმართეთ აზერბაიჯანის შესაბამის საგამოძიებო უწყებებს და ველოდებით, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხონ მუხთარლი. სანამ არ იქნება ჩვენება, მანამდე გამოძიების შედეგები არ იქნება”, – განუცხადა ხუციშვილმა დღეს ჟურნალისტებს.
შეკითხვაზე, თუ რატომ არ ხდება ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროება, რაც დაადასტურებდა ან უარყოფდა მუხთარლის თბილისიდან შესაძლო გატაცების საქმეს, ხუციშვილმა უპასუხა:
“ვიდეოკამერების ჩანაწერები არის ერთი ნაწილი, სრული სურათისთვის აუცილებელია მუხთარლის ჩვენება. ჩანაწერები არის ერთი კომპონენტი, ჩანაწერების გარდა არის დაკითხული ასეულობით მოწმე”.
აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და 30 მაისს ბაქოში აღმოჩნდა დაპატიმრებული. მან ადვოკატს უთხრა, რომ თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის ფორმებში გამოწყობილმა ადამიანებმა და თავზე ტომარაჩამოცმული გადაიყვანეს საზღვარზე. საქართველოს შსს-ს ამ დრომდე არ გამოუძიებია მუხთარლის გატაცების საქმე და არ გაუსაჯაროებია ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც უნდა ასახავდეს მუხთარლის გადაადგილებას 29 მაისს, როცა ის გაუჩინარდა.