ახალი ამბები

ჩოჩელი: არანაირი პირობები და დახმარება ხელისუფლებისგან არ მიგვიღია

23 მარტი, 2013 • • 3479
ჩოჩელი: არანაირი პირობები და დახმარება ხელისუფლებისგან არ მიგვიღია

“რაც შეეხება ბოლოდროინდელ განცხადებებს, თითქოს ჩვენ ვიყავით ოაზისში და ხელისუფლება გვიქმნიდა განსაკუთრებულ პირობებს, მე მინდა გითხრათ, რომ არანაირი პირობები და დახმარება ხელისუფლების მხრიდან მოყოლებული 1991 წლიდან ჩვენ ჯგუფს, ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, აქ არიან ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასდროს და არც ერთ ეტაპზე არ მიგვიღია.  ყოველთვის, როდესაც ვიწყებდით ახალი წარმოების შექმნას, იწყებდა ის გუნდი, რომელთან ერთადაც ჩვენ დავიწყეთ 90–იანი წლებიდან. დღეს თუ ვინმეს ჰგონია, რომ პრობლემა შეექმნება “ბარამბოს”, “ზედაზენსს” და სხვა კომპანიებს და ეს ქვეყანას წაადგება, ძალიან ცდებიან, თუნდაც ერთი მაგალითი, “ბარამბოში”, გარდა შიდა სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანებისა, ადგილობრივი მომწოდებლები ყავს დახლოებით 40–45, რომლისგანაც რაღაც ტიპის საქონელს ყოველდღიურად მოიხმარს”.– განაცხადა ჩოჩელმა. 

 

მისი თქმით, მას არ შეუძლია მთლიანად ხელისუფლების დადანაშაულება, თუმცა გამოყო ორი პირი- გია ხუხაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური:

 

” აქ არ არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად მუშაობს ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ. მე არ მოვერიდები მათ დასახელებას, ეს არის გია ხუხაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. ყოველ შემთხვევაში, ამ ორი ადამიანისგან მუდმივად ისმის ერთი და იგივე”.–განაცხადა ჩოჩელმა.

 

შეგახსენებთ, რომ ჩოჩელის კომპანიებმა გუშინ, 22 მარტს პრემიერ- მინისტრს ღია წერილით მიმართეს. მასში ნათქვამია, რომ მცხეთა–მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის გამო მათი ბიზნესი ზეწოლას განიცდის.

 

“თქვენი დახმარების იმედს გვაძლევს თქვენი პირველი განცხადებები პრემიერის რანგში, რომელიც სწორედ ბიზნესის სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლისგან განთავისუფლებასა და თავისუფალ გარემოში საქმიანობის ხელშეწყობას ეხებოდა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: “ბარამბოს” დირექტორი იაგო ჩოჩელი, “მიქსორის” დირექტორი ლაშა ჩოჩელი, “რკინაბეტონის შპალის ქარხნის” დირექტორი ილია შიხაშვილი, “ქართული ლუდის კომპანია“ ლუდსახარში “ზედაზენის” დირექტორი ვასილ სულხანიშვილი.

 

გუშინ აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მისი განცხადებით, არც ერთი კომპანიის შემოწმება არ ხდება მისი დამფუძნებლის სახელის და გვარის გამო და მოწმდება ის კომპანიები, რომელთა გარშემოც კითხვის ნიშნები არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი