ახალი ამბები

დეკანოზის საქმე: დღევანდელ სხდომაზე აეროპორტის თანამშრომლებს დაკითხავენ

26 ივნისი, 2017 • 2009
დეკანოზის საქმე: დღევანდელ სხდომაზე აეროპორტის თანამშრომლებს დაკითხავენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დღეს სასამართლოში აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები დაიკითხებიან.

პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამბობს, პროცესზე დღეს დაბარებული მოწმეები დაადასტურებენ, რომ მამალაძის ბარგი აეროპოტში ყველა წესის დაცვით დაილუქა და არანაირ მანიპულაციას პროკურატურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

“დღეს დაიკითხებიან სწორედ ის ადამიანები, ვის თვალწინაც და ვისი მონაწილეობითაც ამოვიღეთ ბრალდებულის ბარგი. დღეს გამოირიცხება ასევე უსაფუძვლო განცხადებები ციანიდის “ჩადებასთან” დაკავშირებით” – ამბობს პროკურორი.

კითხვები მოწმეებთან ექნებათ დეკანოზის ადვოკატებსაც.

“ვნახოთ, რა კითხვებზე გასცემენ პასუხს, ჩვენც ბევრი კითხვა გაგვაჩნია. მოვიყვანთ შინაგანაწესს და კანონის ნორმებს” – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

დეკანოზის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა პროცესის დაწყებამდე მოწმეზე შესაძლო ზეწოლის შესახებაც ისაუბრა. წიკლაურის თქმით, ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე პროკურატურაში დაიწყო გამოძიება მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე.

“როგორც ჩანს, დაინტერესებულ პირთა მიერ ადგილი აქვს ჩვენს მოწმეთა დისკრედიტაციას, რისი მაგალითიც იყო გავრცელებული ინფორმაციები. თუმცა, მიუხედავად ამისა, უსაფუძვლოდ რომელი მოწმეც არ უნდა წარმოაჩინონ აგენტად და პროვოკატორად, ვერავინ უარყოფს ფაქტს, რომ ბრალდებული გეგმავდა ადამიანის მკვლელობას” – ამბობს წიკლაური.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა 11 საათზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი