ახალი ამბები

ივანიშვილი: უსუფაშვილს ვუთხარი, მხარი დაეჭირა ახირებისთვის, თუმცა ამის სურვილი არ ჰქონდა

22 მარტი, 2013 • 1032
ივანიშვილი: უსუფაშვილს ვუთხარი, მხარი დაეჭირა ახირებისთვის, თუმცა ამის სურვილი არ ჰქონდა

“ტელეფონზე უსუფაშვილს ვესაუბრებოდი შესვენებაზე: ვურჩიე, მხარი დაეჭირა ახირებისთვის, თუმცა უსუფაშვილს ამის სურვილი არ ჰქონდა, რამეთუ კარგად იგრძნობოდა, ისედაც მივიღებდით იმ ხმების რაოდენობას, რაც საჭირო იყო საკნოსტიტუციო ცვლილებებისთვის, მაგრამ მე რატომღაც ასე ვამჯობინე. ეს პრინციპულად ჩვენთვის არაფერს ცვლიდა, ცვლიდა მხოლოდ მათთვის, როგორც მათ წარმოუდგენიათ. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მიეღწიათ ამ უცნაურობისთვის. აუხსნელია დღესაც, რად უნდოდათ ამ ღია კარის მტვრევა.

 

ღია კარის მტვრევა დაიწყეს გამოსვლებით ბენდუქიძის უნივერსიტეტში. ახლა რაღაც ევროპელების მხარდასაჭერ აქციას აკეთებს მერაბიშვილი 19 აპრილს. ამბობენ, ევროპელები ჩამოდიანო, გაუგიათ, რომ მერაბიშვილს განსაკუთრებით უყვარს ევროპა. ღია კარს ამტვრევდნენ გუშინაც პარლამენტში.

 

ის ნიუანსი მინდა განვმარტო, რატომ დავრეკე მე და შევცვალეთ პოზიცია: უფრო კარგი იქნებოდა პოლიტიკურად, რომ არ დამერეკა. ადამიანურად ჯობდა არ დაგვეშვა გამონაკლისი, რადგან ძალიან დაბალი ალბათობა იყო, რომ ეს ჩავარდნილიყო. საზოგადოებისთვის ეს არ იყო საშიში, მაგრამ “ნაცმოძრაობა” დარჩებოდა საზოგადოების მიღმა, რისი სურვილიც არ გამაჩნდა და არ გამაჩნია დღესაც. ამიტომ ვურჩიე უსუფაშვილს: ჯობია, დავუთმოთ ამ ახირებაზე. შედეგად მივიღეთ ის, რაც გვინდოდა.

 

მინდა განვმარტო, უკმაყოფილების გრძნობა, რაც მეც დამრჩა, არის ალბათ საზოგადოებაშიც. შეიძლებოდა “ნაცმოძრაობას” მეტი დივიდენდები მიეღო საზოგადოებისგან, თუ ისინი და მათი ლიდერი ნორმალურად მოიქცეოდნენ, ეყოფოდათ ვაჟკაცობა, ყოველგვარი თამაშის გარეშე მიეცათ ხმა.

 

ის სურვილი, რაც ჩვენ გვაქვს, მოხდეს მაქსიმალური ინტეგრირება, მაქსიმალური აღდგენა ურთიერთობის, რომელიც დაირღვა საზოგადოებასა და “ნაცმოძრაობას” შორის წლების განმავლობაში, ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ მათი ნაბიჯი ისეთი ყოფილიყო, რომ საზოგადოებისგან ეს კარგად ყოფილიყო აღქმული.

 

ხმები მისცეს, მაგრამ უმადურად გამოვიდა, მარილი ვერ მოაყარეს. არ მგონია, რომ საზოგადოებამ ეს სიამოვნებით მიიღო. მათი ლიდერი რომ გამოსულიყო და კაცურად ჩაეწოდებინა, მოახერხებდა საზოგადოებასთან ჩაბრუნებას და დაახლოებას. მან გაუგებარი გამოსვლა გააკეთა, აგრესიული, რაც არის საწყენი და რამაც ცუდი ფონი დატოვა. ნაბიჯი გადაიდგა, კარგი საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღეთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა ლიდერმა გაჭირვებული სამიანი თუ მიიღეს, ისიც, თუ მიიღეს პოზიტივი, საერთოდ საკითხავია.

 

საზოგადოებამაც და ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ და მივიღეთ, რასაც ველოდით. იმ შემთხვევაშიც, თუ საკონსტიტუციო ცვლილება არ გავიდოდა, არაფერი ემუქრებოდა არც საზოგადოებას, არც ჩვენ, გარდა ზედმეტი ემოციური დატვირთვისა. ეს მოიხსნა.

 

არსებობდა პატარა საფრთხე და ნაციონალური მოძრაობა გადაჩეხილიყო, რაც მე არ  დავუშვი. ვურჩიე უსუფაშვილს და მან ეს გაითვალისწინა, თუ უფსკრულისკენ გადაწყვეტდნენ, პარაშუტები მივეცით და დაეშვნენ. კარგი იქნებოდა, მეტი სითბო და მეტი მხარდაჭერა.

 

პროცესები გაგრძელდება, ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობა” დასკვნებს გააკეთებს, მეტ ანგარშს გაუწევს საზოგადოებას ყოველგვარი ახირების გარეშე, შეიძლება მიიღონ მეტი ჩართულობა იმ პროცესებში, რასაც ჩვენ ვაპირებთ, რომ წინ წავწიოთ და განვავითაროთ ქვეყანა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი