დღეს, 24 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილმა წევრმა და მდივანმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ამ ოთხწლიანი პერიოდის მანძილზე მას არაფერი დაუშურებია სასამართთლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.
დღეს მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრი და მდივანი უნდა აირჩიონ.
ნეტგაზეთმა მურუსიძეს ჰკითხა, როგორ აფასებდა საბჭოში პირადად მის საქმიანობას.
“პირადად ჩემ საქმიანობას სასამართლო კორპუსი და დრო შეაფასებს. ანუ, ზოგადად როდესაც ჩვენ გავთავისუფლდებით პიროვნული სიმპათია-ანტიპათიისაგან და როდესაც, საბოლოოდ, ყველანი შევთანხმდებით, რომ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და აუცილებელია დამოუკიდებელი მართლმსაჯულება თითოეული ჩვენთაგანისთვის და ყველამ ვიზრუნოთ მისი განვითარებისათვის, მერე შეფასდება ჩემი, ჩვენი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოღვაწეობა. რა თქმა უნდა, იდეალური არაფერი არ არის, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ არაფერი დამიშურებია სასამართლო სისტემის, თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რაც შემეძლო გავაკეთე. ახალ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვუსურვებ წარმატებებს და მინდა, რომ ეს აჟიოტაჟი, რაც ხდება სასამართლოს გარშემო, ჩემი წასვლით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს,”- განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”2011 წელს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებებში საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებები მკაცრად გააკრიტიკა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.“