საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სარეიტინგო კენჭისყრის ინიციტივით ოპოზცია გამოვიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ თემაზე უმრავლესობაში იყო აზრთა სხვადასხვაობა.
“ეს ის შემთხვევაა, როცა შეთანხმება არსებობს, მაგრამ დისკუსია იყო ფორმაზე. განსხვავებული ხედვები რომ არ გვქონდეს, არც ვიქნებიდით სხვადასხვა პოლიტიკურ გუნდებში. პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამი თვის წინ დაიწყო, უმრავლესობის სურვილი იყო, რომ ეს ცვლილებები გამხდარიყო პარლამენტის გაერთიანების საწინდარი” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროექტის განხილვის პარალელურად გრძელდებოდა კონსულტაციები:
“პირადად ვესაუბრე უმცირესობის წარმომდგენლებს და კომპრომისული ვერსიებიც იყო შეთავაზებული. ამაში უმცირესობის წევრებიც აქტიურობდნენ და მათი წინადადებებიც იყო. მაგრამ ბოლო კონსულატიციისას უმცირესობამ, მიხეილ სააკაშვილთან პოზიციების შეჯერების შედეგად, იმ კომპრომისულ ვერსიაზე ჩამოყალიბება ვერ მოახერხა. ეს არის რეალობა. ჩვენც გვქონდა გარკვეული კონსულტაციები კოლაიციის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილს და კოლაიცია “ქართულ ოცნებას” პასუხისმგებლობა დააკისრა და ანდო ქვეყნის მართვა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი არა მხოლოდ საკუთარ თავზე და ქმედებებზე, არამედ ზოგადად ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. არა აქვს მნიშვნელობა, ჯამში ვისი ბრალით და გაუაზრებლობით, არასწორი ხედვებით და ახირებებით, ანალიზით დაზარალდება საბოლოო საქმე. ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებაში მყოფი ძალისთვის იმიტომ, რომ ხალხი ჩვენგან ელის შედეგის მიღწევას და ქვეყნის წინ წაყვანას. ამიტომ მე მიწევს გადაწყვეტილების მიღება სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებით. სარეიტინგო კენჭისყრა მოგონილია იმისთვის, რომ გაირკვეს ბუნდოვანი ვითარება. ეს არ არის მოგონილი იმისთვის, რომ დადასტურდეს არითმეტიკული ჭეშმარიტება. არითმეტიკა გვეუბნება, რომ დღევანდელ პარლამენტში კოალიცია “ქართულ ოცნებას” არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. კოალიცია წარმოდგენილია 83 პარლამენტის წევრით, პარლამენტში არიან დამოუკიდებელი წევრები, რომელთაც გააკეთეს ეს არჩევანი, არჩევნების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გარეშე პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ გროვდება.”
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ ოპოზიციას უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში: “აღარ უნდა მოხდეს ისე, რომ არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური ძალა გაქრეს პოლიტიკური ავანსცენიდან. ვიღებ მძიმე გადაწყვეტილებას, კაპრიზზე კაპრიზით ვერ ვუპასუხებთ, ახირებაზე ახირებით ვერ ვუპასუხებ და მზად ვარ ჩავატარო სარეიტინგო კენჭისყრა. უმრავლესობა გაგებით უნდა მოეკიდოს ამ გადაწყვეტოლებას, რომელიც ყველას გამომგვადგება მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისათვის.”