ანგარიშის მიხედვით, საპატიმროების გადატვირთულობის პრობლემბის მოგვარების კუთხით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის 2013 წლის ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა 10 000–მდე ადამიანი, ხოლო უამრავ პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა, თუმცა აქვე ნათქვამია, რომ ამნისტიის და 190 პირის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლების პროცესის მიმდინარეობისას არაერთი დარღვევა დაფიქსირდა:
“პარლამენტმა პროცესში არ ჩართო სასამართლო ხელისუფლება, რომელსაც, წესით, ობიექტური კრიტერიუმებისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად უნდა განესაზღვრა, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები პოლიტპატიმრები. ამასთან, ამნისტიის შესახებ კანონს არ გაუვლია წინასწარი კონსულტაცია ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან, მიუხედავად იმისა, რომ იყო მოთხოვნილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აზრი. ვენეციის კომისიის აზრით, ამნისტიის შესახებ კანონი არღვევს კანონის უზენაესობის რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს, კერძოდ, კანონიერებას (გამჭვირვალობის ჩათვვლით), კანონის პირადი შეხედულებით გამოყენების აკრძალვას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და კანონის წინაშე თანასწორობას”, – აღნიშნულია ანგარიშში.
