ზაფხულის არდადეგების დროს მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს სახელმწიფო არ სთავაზობს ზაფხულის სკოლის სერვისს. კერძო სკოლებში კი ეს მომსახურება კვირაში 150-დან 500 ლარამდე ღირს, რაც ბევრი ოჯახისთვის ხელმიუწვდომელია.
10 წლის ბავშვის დედა ლიკა ბასილაია-შავგულიძე ამბობს, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ბავშვისთვის საზაფხულო სკოლის მოძებნა გადაწყვიტა:
“მე ვმუშაობ. ბავშვი სკოლაში დადიოდა. ახლა არდადეგები აქვს და, შესაბამისად, გაჩნდა საჭიროება, მარტო რომ არ იყოს მთელი დღე სახლში, სადმე ვატარო. უცებ დავდექი ფაქტის წინაშე. თავიდან ვფიქრობდი, იქნებ სახლში იყოს-მეთქი, ან სამსახურში წამომყვეს, მაგრამ უბრალოდ მივხვდი, რომ შეუძლებელია, ამ რეჟიმში მე საქმეს ვერ გავაკეთებ. თან მარტო ვზრდი ბავშვს და ძალიან მჭირდება ეს სერვისი, თუმცა მარტო მარტოხელა დედებს კი არა, ვინც მუშაობს, ყველა მშობელს სჭირდება ეს,” – ამბობს ლიკა “ნეტგაზეთთან” საუბარში.
ლიკას თქმით, მისი შვილი უკვე იმ ასაკშია, რომ ძიძა აღარ სჭირდება, თუმცა სახლში მარტო მაინც ვერ ტოვებს. კერძო საზაფხულო სკოლები კი დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს:
“ის სერვისი, რომ თბილისთან ახლოს იყოს რამე, ასეთი სახელმწიფოს მხრიდან არ არის. დავიწყე კერძოების მიმოხილვა და განხილვა. როგორც აღმოჩნდა, კერძოები ძალიან ძვირია. ჯერჯერობით არ ვარ ბოლომდე ჩამოყალიბებული, რას შევძლებ, ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. კარგი იქნებოდა, სახელმწიფოს ამ საკითხზეც ეფიქრა, ზოგადად. 600 დოლარი სჭირდება თვეში საშუალოდ, რომ მიიღო ეს მომსახურება,” – ამბობს ლიკა.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნეირების სამინისტროში ამბობენ, საზაფხულო სკოლების სერვისი არასოდეს ჰქონიათ და მისი დანერგვა ჯერჯერობით არ იგეგმება. თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის აქტივობა სამინისტროს საზაფხულო ბანაკების სახით აქვს, რომლებშიც მოხვედრა შეზღუდულია. სერვისი მხოლოდ ისეთ მოსწავლეებზეა გათვლილი, რომლებიც ძირითადად რეგიონის მცირერიცხოვან სკოლებში სწავლობენ.
ამის ფონზე საზაფხულო სკოლების სერვისი თბილისში არსებულმა რამდენიმე კერძო სკოლამ შემოიღო. საზაფხულო კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ როგორც ამ სკოლების, ასევე, სხვა სკოლების მოსწავლეებს, თუმცა სერვისი ფასიანია და მისი მოცულობა სკოლებისა და შეთავაზებული სერვისების მიხედვით იცვლება:
[blue_box]ბრიტანულ-ქართული აკადემია[/blue_box]
ბრიტანულ-ქართულ საერთაშორისო სკოლაში საზაფხულო ბანაკი ფუნქციონირებას 26 ივნისიდან იწყებს და 4 აგვისტომდე გაგრძელდება. ბანაკი 4-დან 12 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
ბანაკი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ლისის ტბის მიმდებარედ, ბრიტანულ-ქართული სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს და მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, სრული (9:00 – 16:30) ან ნახევარგანაკვეთიანი (09:00-13:00) პროგრამა აირჩიონ.
საზაფხულო ბანაკის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს შორისაა სპორტი, მათ შორის, კვირაში ორჯერ ცურვა, კითხვის წრე, ინგლისური ენის გაკვეთილები, პროგრამირება და რობოტექნიკა, მუსიკალური აქტივობები და კვირაში ერთხელ თემატური ექსკურსია.
რაც შეეხება ფასებს, სრული განაკვეთის ღირებულება კვირაში 150$-ს შეადგენს, ნახევარი განაკვეთის შემთხვევაში კი ერთი კვირის ღირებულება 90$-ია. ფასში შედის მოსწავლეების ტრანსპორტირება, სამხარი და ლანჩი.
[red_box]ამერიკული აკადემია[/red_box]
ამერიკულ აკადემიის საზაფხულო სკოლაში რეგისტრაციის პროცედურა 20 ივნისს დასრულდა. სასწავლო პროცესი 26 ივნისს დაიწყო და 14 ივლისამდე გაგრძელდება.
ამ დროის განმავლობაში საზაფხულო სკოლა ორი დონისგან შედგება. პირველი დონე განკუთვნილია მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებისთვის, მეორე დონეზე კი მეცხრე და მეათეკლასელები ისწავლიან.
ზაფხულის სკოლის ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთვებიან შემდეგ აქტივობებში:
ცურვა, ფეხბურთი, კალათბურთი, ცხენით ჯირითი, აერობიკა ან ცეკვა, კლდეზე ცოცვა, ჯგუფური მუშაობა, მოკლე ლექციები, დებატები, პრეზენტაციები, ლაბორატორიული სამუშაოები, სპორტული შეჯიბრებები და ინტელექტუალური თამაშები.
ზაფხულის აკადემიის მოსწავლეები დაესწრებიან როგორც ტრადიციულ საგნებს, ასევე, არატრადიციულ/არჩევით კურსებს, ისწავლიან მულტიკულტურულ გარემოში და ისარგებლებენ ლისის ტბის მიმდებარედ ამერიკული აკადემიის საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული დარბაზით, სახელმძღვანელოებითა და სხვა აკადემიური რესურსებით.
სრული კურსის ღირებულება 1400 ლარია. ფასში შედის ტრანსპორტირება და ორჯერადი კვება. ზაფხულის აკადემიის მოსწავლეები ბანაკში 10:00-დან 16 საათამდე იქნებაინ.
“ნიუ სქული”
“ნიუ სქულში” საზაფხულო სკოლა 26 ივნისს დაიწყო და 14 ივლისამდე გაგრძელდება. 3 კვირის განმავლობაში 4-დან 14 წლამდე ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა “ნიუ სქულის” ქართველი და უცხოელი პედაგოგების მიერ დაგეგმილ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა.
პროგრამა ორ სექტორად იყოფა. ქართულ სექტორში ბავშვები ქართულ ენაზე ისწავლიან, უცხოურ სექტორზე კი სწავლება უცხოელი პედაგოგების მიერ ინგლისურ ენაზე იქნება. როგორც სკოლაში ამბობენ, ორივე სექტორის ბავშვებს ხშირად მოუწევთ ერთად ყოფნა და ფიქრობენ, რომ ეს მათ ენობრივი კვალიფიკაციის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.
როგორც “ნიუ სქულში” ამბობენ, თავდაპირველად სკოლა მხოლოდ ინგლისურენოვანი პროგრამის დანერგვას გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა დიდი იყო, ქართული სექტორიც დაამატეს.
პროგრამის ფარგლებში ბავშვებს ჩაუტარდებათ ინტენსიური ენის გაკვეთილები ქართულ, ინგლისურ ან ესპანურ ენებზე. მოსწავლეები ჩაერთვებიან სპორტულ, გასართობ და შემეცნებით აქტივობებში. მათ სორისაა ყოველდღიური ცურვის საათები, იოგა, სამაგიდო თამაშები და სხვა.
პარასკევობით კი მოსწავლეები მოლაშქრეებთან ერთად სკაუტის გამოცდილებას მოლაშქრეებთან ერთად დაგეგმილ ექსკურსიებზე მიიღებენ.
სასწავლო პროცესი “ნიუ სქულის” საზაფხულო სკოლაში 9 საათზე დაიწყება და 16:30-ზე დასრულდება, თუმცა დაკავებული მშობლებისთვისთვის სკოლას გახანგრძლივებული პროგრამაც აქვს.
სტანდარტული ქართულენოვანი პროგრამის ფასი კვირაში 150 ლარია, გახანგრძლივებულის კი- 200 ლარი.
ინგლისურენოვანი პროგრამის შემთხვევაში, სტანდარტული პაკეტი კვირაში 150 ევრო ღირს, გახანგრძლივებული კი – 175.
[yellow_box]ათასწლეულის სკოლა[/yellow_box]
ათასწლეულის სკოლის საზაფხულო პროგრამა 19 ივნისს დაიწყო და 22 ივლისამდე გასტანს. პროგრამა 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9-დან საღამოს 18:30-მდე გაგრძელდება. ბავშვები ზაფხულის დღეებს თბილისში, ლისის ტბაზე გაატარებენ და ისეთ აქტივობებში ჩაერთვებიან, როგორიცაა ინგლისური ენის გაკვეთილები, სპორტი, ხატვა, ძერწვა, სკოლის ლაბორატორიებში ჩაატარებენ მინიკვლევებს და კურატორებთან ერთად ხელით შექმნიან სხვადასხვა ნივთებს.
პარასკევი დღე კი მოწვეულ სტუმრებსა და ექსკურსიებს დაეთმობა.
ათასწლეულის სკოლაში საზაფხულო სკოლაში 1 კვირით სწავლის ღირებულება 170 ლარია.
სკოლებისგან განსხვავებით, მსგავსი ტიპის სერვისს თბილისის მერია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ახორციელებს. კერძოდ, თბილისში 40 ბაღი 3-დან 31 ივლისამდე იმუშავებს. უფასო საზაფხულო ბაღების სერვისს ბაგა-ბაღების სააგენტო თბილისის მოსახლეობას წინა წლებშიც სთავაზობდა. 2015 წელს თბილისში 25 საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებდა, თუმცა სერვისზე მოთხოვნლების გამო 2016-17 წელებში მათი რაოდენობა გაიზარდა.