ახალი ამბები

სესიაშვილი: კონსტიტუციაში რწმენის შეზღუდვაზე ჩანაწერი “ბიბლიურ თავისუფლებას” არ უკავშირდება

23 ივნისი, 2017 •
სესიაშვილი: კონსტიტუციაში რწმენის შეზღუდვაზე ჩანაწერი “ბიბლიურ თავისუფლებას” არ უკავშირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კონსტიტუციით რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლების განსაზღვრა “გირჩის” რელიგიურ ორგანიზაციას, “ბიბლიურ თავისუფლებას” არ უკავშირდება. “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ასე რომც იყოს, ხელისუფლება ამ ჩანაწერით “ბიბლიური თავისუფლების” წინააღმდეგ მაინც ვერაფერს გააწყობს.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეს ცვლილება “ბიბლიურ თავისუფლებას არ უკავშირდება:

“არა, რა თქმა უნდა [არ უკავშირდება ბიბლიურ თავისუფლებას]. აქ საუბარია იმაზე, სახელმწიფო პრინციპებს რაც ეწინააღმდეგება. არსებობენ ტერორისტული ორგანიზაციები და მათთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც შენს სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ თვლიან და თავისი რელიგიური სახელმწიფოს ნაწილად მოიაზრებენ. მე ასეთი რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების წინააღმდეგი ვარ,” – აღნიშნა სესიაშვილმა.

იაგო ხვიჩიას აზრით, ამ ჩანაწერით ადამიანის თავისუფლების საზღვრები მცირდება.

“თუ ადრე უფლების შეზღუდვის ერთი საფუძველი არსებობდა, ახლა ბევრი შეფასებითი კატეგორიის ჩანაწერს აკეთებენ კონსტიტუციაში, რაც თავისთავად ცხადია, რომ ადამიანის უფლებების ხარჯზე ხდება, რადგან უფრო მეტ შემთხვევაში შეიძლება შეილახოს რწმენის თავისუფლება. ეს საგანგაშო მაჩვენებელია და ამის “გაპრავება” ხდება ტერორისტული საფრთხით,” – ამბობს ხვიჩია.

მისი თქმით, ეს ჩანაწერი შესაძლოა “ბიბლიური თავისუფლების” წინააღმდეგაც გამოიყენონ. ხვიჩია ასევე ამბობს, რომ ასეთი არაპირდაპირი ხრიკების ნაცვლად ხელისუფლებას პირდაპირ შეუძლია, რომ თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონი შეცვალოს და  ყველა რელიგიური ორგანიზაციის მღვდელმსახურს გაუუქმოს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების პრივილეგია:

“თუ თვლიან, რომ “ბიბლიური თავისუფლება” მოღალატეობრივია და ქვენის თავდაცვასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, აქამდე უნდა აღეკვეთათ ამ ორგანიზაციის თარეში. “ბიბლიური თავისუფლება” ზუსტად ისე იქცევა, როგორც სხვა რელიგიური ორგანიზაციები საქართველოში. ყველა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ადამიანს მონობისგან ათავისუფლებს, კარგია- იქნება ეს მართლმადიდებელი ეკლესია, ბაპტისტური ეკლესია, თუ სხვა. მთავრობას მარტივად შეეძლო კანონის შეცვლა და ყველა რელიგიის მღვდელმსახურისთვის ჯარში არწასვლის პრივილეგიის გაუქმება,” – ამბობს იაგო ხვიჩია.

მისივე თქმით, კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებით ხელისუფლება “ბიბლიური თავისუფლების” წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობს და ეს საქმე საქართველოს ფარგლებს გასცდება:

“ხელისუფლებას იმის დადასტურება უფრო გაუჭირდება, რომ ჩვენს ქვეყანას საფუძველს ვუთხით, ვიდრე ჩვენ იმის დამტკიცება, არღვევს თუ არა ხელისუფლება თანასწორობის პრინციპს. ასე რომ, ვერანაირი კონსტიტუციური ჩანაწერი ამას ვერ უშველის. კონკრეტულ პრაქტიკაზე როცა მივა საქმე და როცა ეს საქმე საქართველოს ფარგლებს გასცდება, საქართველოს მთავრობას საკონსტიტუციო ჩანაწერი ვერ უშველის,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ “ბიბლიური თავისუფლების” წინააღმდეგ საკანონმდებლო ბერკეტები უკვე აამოქმედა. ირაკლი სესიაშვილის მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების შემთხვევებს აკონკრეტებს და პასუხისმგელობას განსაზღვრავს.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციით, რწმენის თავისუფლების დაცვის სტანდარტი მცირდება. შესაბამისი გადაწყვეტილება დეპუტატებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, სადაც კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი