ახალი ამბები

“კანიბალიზმის” საქმეზე ერთ ბრალდებულს უვადო, მეორეს – 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

23 ივნისი, 2017 •
“კანიბალიზმის” საქმეზე ერთ ბრალდებულს უვადო, მეორეს – 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

დღეს, 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კანიბალიზმის საქმეზე ერთ ბრალდებულს, ბექა შენგელიას უვადო, ირმა ყოჩიაშვილს კი – 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

“სასამართლომ დახურულ სხდომაზე მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბექა შ-ს მიმართ არ დადასტურდა მსხვერპლის სხეულის ორგანოს სხვაგვარად გამოყენების მიზნით წარდგენილი ბრალდება, ამდენად, ბრალდების ამ ნაწილში ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ბრალდებულმა ირმა ყ-მ, არსებითი განხილვის ეტაპზე სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული და მტკიცებულებები უდავოდ გახადა, ხოლო ბექა შ-მ ნაწილობრივ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება,”- აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

ბექა შენგელიას ადვოკატმა, ირმა ბიწოშვილმა განაცხადა, რომ საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

“სარეზოლუციო ნაწილში ცხადდება მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიკაცია და სასჯელის ზომა. ჩვენ ჩავიბარებთ დასაბუთებულ განაჩენს და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე, სტრასბურგის სასამართლომდე და ჩვნე დავამტკიცებთ სიმართლეს. მეორე ბრალდებულის, ირმა ყოჩიაშვილის უფლებების დამცველი მე არ გახლავართ, მაგრამ მას 20 წელი მიუსაჯეს,” – ამბობს ბექა შენგელიას ადვოკატი, ლალი ბიწოშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომლებმა სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი ადამიანი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისს ბრალდებით, ხოლო ორი ადამიანი ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 4 ნოემბერს დააკავეს. შსს–ში აცხადებენ, რომ ეს იყო “რიტუალური მკვლელობა.”

შსს-ს განცხადებით,  მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს სამმა ბრალდებულმა, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულის დედა ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. შსს–ს მტკიცებით, ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ერთ-ერთი ბრალდებულის ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

გამოძიების ვერსიით, იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით წინასწარ  შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად თხრილში დაწვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი