ახალი ამბები

დარჩიაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იგივე შეთავაზებაზე ვრჩებით

21 მარტი, 2013 •
დარჩიაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იგივე შეთავაზებაზე ვრჩებით

“თქვენ იცით ჩვენი პირობები, გაცხადებული იყო ჩვენი შეთავაზება, როგორი უნდა იყოს პროცედურა. ჩვენ ამ შეთავაზებაზე ვრჩებით. მიგვაჩნია, რომ ის არის აბსოლუტურად ლოგიკური და გამორიცხავს ოპონენტის დამცირების, პოლიტიკიდან გარიყვის მცდელობებს, რასაც ამ თვეების მანძილზე ადგილი აქვს. ამ შიშებს, თუ მართლა სისტემური შიში აქვთ და მართლა დემოკრატიის გაძლიერებისთვის იბრძვიან, აბსოლუტურად მოხსნის. მაგრამ მგონია, რომ ბევრ მათდგანს იმდენად კონსტიტუციის შეცვლა არ ადარდებს, როგორც პოლიტიკაში “ერთიანი ნაციოონალური მოძრაობის” ყოფნა. თუ მათ უნდათ კონსტიტუციის გადახალისება ახლავე და არა ოქტომბერში, ამის გაკეთება ძალიან მარტივი იქნება. თუ სხვა რამ უნდათ, ეს არ არის საკონსტიტუციო საკითხი,”- აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

 

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ დღეს, 21 მარტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სარეიტინგო კენჭისყრა არ შედგება, როგორც ამას უმცირესობა მოითხოვს.

 

მისივე თქმით, ისედაც ცხადია, რომ უმრავლესობა ამ ცვლილებებს ვერ მიიღებს “ნაციონალური მოძრაობის” 53-წევრიანი შემადგენლობიდან მინიმუმ 6 მათგანის მხარდაჭერის გარეშე, ხოლო თუ ვინ იქნებიან ისინი, ამის გარკვევას, ხმალაძის განცხადებით, სარეიტინგო კენჭისყრა არ ჭირდება და ეს თავად “ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა გაარკვიოს მის რიგებში.

 

19 მარტს საქართველოს პრეზიდენტი წყალტუბოში საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა მათი პოზიცია: “ნაციონალური მოძრაობა” მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ იმ პირობით, რომ მანამდე შედგეს სარეიტინგო კენჭისყრა, რათა დაფიქსირდეს, რომ უმრავლესობას არ გააჩნია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი 100 ხმა და რამდენიც დააკლდება, პრეზიდენტის პარტია მზადაა იმდენი ხმა მისცეს ცვლილებებს, რომლითაც იზღუდება პრეზიდენტის უფლებამოსილება მთავრობის დათხოვნისა და ფორმირების საკითხში.

 

საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ორი თვეა, რაც უთანხმოების საგანს წარმოადგენს პრემიერისა და პრეზიდენტის პოლიტიკურ გუნდებს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი