ახალი ამბები

პრემიერი: უსამართლოა ოპოზიციის და არასამთავრობოების ნაწილის ბოიკოტი

22 ივნისი, 2017 •
პრემიერი: უსამართლოა ოპოზიციის და არასამთავრობოების ნაწილის ბოიკოტი

დღეს, 22 ივნისს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამოახმაურა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და რომელსაც ბოიკოტს უცხადებს როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული იყვნენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.

“კონსტიტუციით, პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას. მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა ასევე კონსტიტუციის სხვა ცვლილებებზე, რომლებიც უკავშირდება სოციალურ საკითხებს, სასამართლოს, ქორწინების დეფინიციას, მიწების უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვას და ა.შ.

პრემიერის თქმით, შეთანხმება ვერ მოხეხრდა მხოლოდ ერთ საკითხზე, რომელიც უკავშირდება საარჩევნო სისტემას, კერძოდ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.

“ჩვენმა გუნდმა გამოავლინა პოლიტიკური ნება და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5–დან 3%–მდე დაწევის გადაწყვეტილება მიიღო,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა საკონსტიტუციო ცვლილებებით, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია. მან ასევე გამოყო ის საკითხი, რომ 2018 წელს პრეზიდენტი ისევ პირდაპირი წესით იქნება არჩეული.

პრემიერის თქმით, “არგუმენტებს მოკლებული და უსამართლოა” ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ბოიკოტი.

პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა და განცხადების წაკითხვის შემდეგ ბრიფინგის ოთახი უკომენტაროდ დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი