“სია, რომლის მიხედვითაც დაიწერა სტატია მსოფლიოს “ყველაზე ცუდი” ქალაქების შესახებ, CNN–ს არ შეუდგენია. სია გლობალურ საკონსულტაციო ფირმა Mercer–ს ეკუთვნის. ჩვენ გამოვიყენეთ ეს მონაცემები და უბრალოდ გამოვარჩიეთ რამდენიმე ქალაქი, სადაც, ჩვენი აზრით, წასვლა აუცილებლად ღირს”, – ნათქვამია CNN–ის მთავარი პროდიუსერის ჯეიმს დარსტონის წერილში.

რაც შეეხება იმ ჟურნალისტს, რომელმაც CNN travel-ისთვის მსოფლიოს “ყველაზე ცუდი” ქალაქების შესახებ სტატია მოამზადა, მთავარი პროდიუსერის განცხადებით, ის CNN-ზე აღარ მუშაობს.

კვლევას სხვადასხვა ქვეყნებისა და ქალაქების შესახებ კომპანია Mercer–ი ყოველწლიურად აქვეყნებს. კვლევის პროცესში ხდება ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის, ასევე  ჯანდაცვისა და  განათლების სფეროების შესწავლა და გაანალიზება, რის შემდეგაც კომპანია ადგენს სიას, თუ რომელი ქვეყნებია საცხოვრებლად უკეთესი. თუმცა ეს შეფასება არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ან ქალაქი ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველია.

კვლევაზე დაყრდნობით CNN travel–ის მიერ 7 მარტს მომზადებულმა სტატიამ კი საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. მომზადდა პეტიცია– “მოვთხოვოთ CNN–ს, ამოიღოს თბილისი “ყველაზე ცუდი” ქალაქების სიიდან”, სტატიის შესახებ დაიწერა ასობით კომენტარიც, სადაც საქართველოს თუ უცხო ქვეყნების მოქალაქეები საკუთარ უარყოფით პოზიციას აფიქსირებდნენ აღნიშნულ ჩამონათვალში თბილისის არსებობასთან დაკავშირებით.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *