თურქეთის მედიის ცნობით, 17 ივნისს საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს სტამბულში, რომლებსაც ყაჩაღობა და 1,5 მილიონი ლირის (1 მილიონი ლარზე მეტი) მიტაცება ედებათ ბრალად.
ჰურიეთის ცნობით, ბრალდებულებს ბრალად 5 ყაჩაღობა ედებათ, რომელიც 2016 წლის ივლისიდან დღემდე პერიოდში ჩაიდინეს.
ბრალდების ცნობით, პირველად მათ ბიზნესმენი დააყაჩაღეს, რომლის თქმით, ბანკიდან გამოიტანა 154 000 ამერიკული დოლარი (370 370 ლარის ეკვივალენტი), ჩაჯდა მანქანაში და როდესაც შუქნიშანზე, წითელ სიგნალზე იყო გაჩერებული, დააყაჩაღეს.
პოლიციის ცნობით, მსგავსი სცენარით მათ კიდევ 4 ყაჩაღობა ჩაიდინეს.
“იჰას ჰაბერ აჯენსის” ცნობით, ბრალდებულები ძირითადად ბანკის ოფისებისა და მათი მომხმარებლების დაყაჩაღებას ცდილობდნენ. პოლიციამ ინფორმაცია ბრალდებულების შესახებ დაზარალებულებისგან, ასევე, კამერებიდან ამოიღო.
მედიის ცნობით, დაკავებულები არიან მიხეილ ჯ (31 წლის), მამუკა ჯ. (39 წლის), ტარიელ ს. (46 წლის), ემზარ რ. (54 წლის), მალხაზი გ. (30 წლის).
haberler.com-ის ცნობით, ბრალდებულებმა ბოლო ყაჩაღობა 2017 წლის 12 ივნისს ჩაიდინეს. ეჭვმიტანილები თავს დაესხნენ მოქალაქეს, რომელსაც 50 ათასი ევრო წაართვეს.
თურქეთის მედიის ცნობითვე, 16 ივნისს საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს ანტალიაში ქურდობის ბრალდებით. ბრალდების მიხედვით, ისინი ძარცვავდნენ სახლებს. პოლიციამ, სავარაუდოდ, მოპარული მობილურები, ძვირფასეულობა და კომპიუტერები ამოიღო.