მალი
მალი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობა თანახმაა, ევროპელი პარტნიორების შემოთავაზება მიიღოს მალის მისიაში ჩართვასთან დაკავშირებით. ზუსტდება დეტალები, თუ რა სახით ჩაერთვება საქართველო მალის მისიაში. 

 

“მივიღეთ შემოთავაზება ევროკავშირისგან, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამონაწილეობის შესაძლებლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრუქტურებში. ამის შესახებ მთავრობაში ვიმსჯელეთ და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საციცოხლო ინტერესებშია უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას, ევროკავშირს და ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს. პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ დავიწყეთ მოლაპარაკების პროცესი ევროკავშირთან და მის საგარეო უსაფრთხოების სტრუქტურებთან, თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას. საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას დეტალების დადგენის შემდეგ მივაწვდით”, – თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო.

 

სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის მისიაში საქართველოს ჩართვის შესახებ სურვილი ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ბარონესა ქეთრინ ეშტონმა გასული წლის ბოლოს, საქართველოში ვიზიტისას გამოთქვა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მალის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას ევროკავშირის 16 ქვეყანა და ნორვეგია იღებს. ამ ეტაპზე მალის დედაქალაქ ბამაკოში უკვე ჩასულია  500 -კაციანი ჯგუფი, რომელიც სამხედრო ინსტრუქტორებისგან, მედიკოსთა ჯგუფებისგან, სამაშველო სამსახურებისგან, ასევე 70- კაციანი სამხედრო პერსონალისგან შედგება. 

 

მალი აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და მას ესაზღვრება- ალჟირი, ნიგერია, კოტ დი ვუარი, ბურკინა ფასო, გვინეა, მავრიტანია და სენეგალი. 

 

უკვე 1 წელზე მეტია მალიში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის ქალაქებზე კონტროლი დაამყარეს სხვადასხვა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა, რომლებმაც დაპყრობილ ქალაქებში თავიანთი მმართველობა გამოაცხადეს.  მალის ჩრდილოეთში მათ აქვთ საწვრთნელი ბაზები და იარაღის დიდი მარაგი, რომელთა დიდი ნაწილი ლიბიაში სამოქალაქო ომის დროს მოიპოვეს.

 

რამდენიმე თვის წინ მალის ხელისუფლებას სამხედრო დახმარება აღმოუჩინა საფრანგეთმა. წლების წინ მალი სწორედ საფრანგეთის კოლონია იყო. საფრანგეთის სამხედრო ძალების ჩარევის შედეგად ტერორისტებისგან რამდენიმე ქალაქი გათავისუფლდა, თუმცა სპეციალისტები შიშობენ, რომ კონფლიქტის ამოწურვამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, რადგან  დიდი ალბათობაა, რომ ამბოხებულებმა ტერორისტული აქტების მოწყობა დაიწყონ. ერთ–ერთ ბოლო ტერორისტულ აქტს 17 მარტს მეხუთე ფრანგი ჯარისკაცი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაიჭრა. 

 

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ფრანგი სამხედროები მალიში იქამდე დარჩებიან, სანამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ აღდგება ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია და სანამ დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) სამხედრო კონტინგენტი არ იქნება მზად მათ ჩასანაცვლებლად.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *