“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებელი TNS -ს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული ეგზიტპოლისთვის თანხას, 200 000 ლარს გადაუხდის. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სამეურვეო საბჭოს წევრმა, სულხან სალაძემ დაუდასტურა.
სალაძის თქმითვე, ამ გადაწყვეტილებას მხარი საბჭოს სამმა წევრმა არ დაუჭირა, თვითონ, ირინა ფუტკარაძემ და ქეთი მსხილაძემ.
ოთხი ტელეკომპანიის – საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის, მაესტროსა და GDS-ის მიერ კომპანია TNS Opinion-თან გაფორმებული კონტრაქტის საერთო ღირებულება 937 635 ამერიკული დოლარია. საზოგადოებრივი მაუწყბლის წილი ამ თანხიდან 200 000 ლარია. ხელშეკრულებით TNS ვალდებულებას იღებდა, მაუწყებლისთვის მიეწოდებინა მონაცემები, რომელთა ცდომილებაც 2%-ს არ აღემატებოდა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეგზიტპოლის შედეგების დადგენილი წესით ცესკო-ს მონაცემთა შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა კომპანია TNS -მა აიღო. ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ეგზიტპოლის მონაცემები მნიშვნელოვნად ასცდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2%-იან ცდომილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიაჩნევდა, რომ TNS-მა ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება და თანხის გადახდას არ აპირებდა.