“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას შერეული საარჩევნო სისტემის დატოვებით ქვეყანა უკან მიჰყავს და დემოკრატიის საფუძვლებს უთხრის ძირს.
დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმებზე მუშაობის ნახევარი წელიწადი წყალში გადაიყარა. მისივე აზრით, “ქართულმა ოცნებამ” შექმნა კონსტიტუციის განხილვის ფიქცია, წარადგინეს ერთი დოკუმენტი და სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა რამ მივიღეთ.
“მივიღეთ ის, რასაც არ პირდებოდნენ საზოგადოებას. არაფერი იცვლება, ბარიერის ჩამოწევასაც აზრი არ აქვს, როცა შერეული სისტემა რჩება. სამპროცენტიან ბარიერს მხოლოდ პროპორციულ სისტემაში ექნებოდა აზრი. ახლა სამი პროცენტი 2-3 საპარლამენტო მანდატია. პროპორციულ სისტემაზე დროულად გადასვლას სხვა გაცილებით მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა. ხელისუფლებამ ხალხი მოატყუა, მოატყუა საერთაშორისო საზოგადოება, ვენეციის კომისია და ასე შემდეგ. ფაქტობრივად, ეს ხელისუფლება არ აპირებს კანონიერი გზით წასვლას. ეს არ დამთავრდება კარგად. ქვეყანა უკან მიჰყავთ და დემოკრატიის საფუძვლებს უთხრიან ძირს. ”
20 ივნისს “ქართულ ოცნებაში” გამართული კონსულტაციების შემდეგ პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 2020 წელს შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება, ხოლო საარჩევნო ბარიერი 5 პროცენტიდან 3 პროცენტზე ჩამოვა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ხელისუფლება 2024 წლიდან გეგმავს.