როგორც 112-ის პრესსამსახურში ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებენ, აღნიშნულ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მეორე შემთხვევა გარდაბნის რაიონში, ვაზიანში მოხდა. ქარმა დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ამჟამად დაახლოებით 25 ოჯახი ცხოვრობს, სახურავი გადახადა.
“სახურავი მაინც არის რაღაც ნაწილით მიმაგრებული, ქარის დროს კორპუსსავე ეხეთქება და ამის გამო კიდევ უფრო საშიშია. მუნიციპალიტეტში იციან და იმედი გვაქვს, შესაკეთებლად მოვლენ,”- ამბობს ციური ხარძიანი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს 112–ის დეპარტამენტი აცხადებს, ის მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სინოპტიკოსები პროგნოზირებენ 18 მარტიდან ამინდის მკვეთრ გაუარესებას და ძლიერ ქარებს, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს მომდევნო 3 დღე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტი, დირექტორის გიორგი ბიჭაშვილის განკარგულებით, სრულ მზადყოფნაშია იმუშაოს განსაკუთრებულ რეჟიმში, რათა „112“-ის სადისპეტჩერომ ოპერატიულად მიიღოს ზარები და განახორციელოს ზარების დროული დისპეტჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით”– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ცნობით, 17 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელება დაიწყო ევროპის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულმა ცივმა და ნოტიო ჰაერის მასებმა, რის შემდეგაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.
ბარში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი, ხოლო მთაში – თოვლი. დაუბერავს დასავლეთის ძლიერი ქარი, რომლის ძალამაც აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე მტკვრის ხეობაში და თბილისში შეიძლება მიაღწიოს 30 მ/წმ-ს.
18 – 19 მარტს სინოპტიკოსები ყინვასაც არ გამორიცხავენ. 19 მარტიდან პროცესი დასრულდება და ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.
