“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სინოპტიკოსები პროგნოზირებენ 18 მარტიდან ამინდის მკვეთრ გაუარესებას და ძლიერ ქარებს, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს მომდევნო 3 დღე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტი, დირექტორის გიორგი ბიჭაშვილის განკარგულებით, სრულ მზადყოფნაშია იმუშაოს განსაკუთრებულ რეჟიმში, რათა „112“-ის სადისპეტჩერომ ოპერატიულად მიიღოს ზარები და განახორციელოს ზარების დროული დისპეტჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით”– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ცნობით, 17 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებას იწყებს ევროპის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის შემდეგაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.
ბარში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი, ხოლო მთაში – თოვლი. დაუბერავს დასავლეთის ძლიერი ქარი, რომლის ძალამაც აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე მტკვრის ხეობაში და თბილისში შეიძლება მიაღწიოს 30 მ/წმ-ს.
18 – 19 მარტს სინოპტიკოსები ყინვასაც არ გამორიცხავენ. 19 მარტიდან პროცესი დასრულდება და ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.
