“ჩვენი მოთხოვნა არის არა ავტორიზაციის მინიჭების ახალი პროცედურის დაიწყება, რომელიც ვადებშია გაწელილი და დიდ დროს მოიცავს, არამედ მინისტრის დანაპირები შესრულდეს და ეს ყველაფერი მოგვარდეს 5 წუთში. დაინიშნოს ავტორიზაციის საბჭოს ახალი სხდომა და ბათილად ცნონ წინა გადაწყვეტილება. ჩვენ ვართ ახლა გარდაცვლილები და გვინდა, რომ დაგვიბრუნონ სიცოცხლე”– განაცხადა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა გურამ ქარქაშიძემ.
აღნიშნული გზა სამართლაინად მიაჩნია აგრარული უნივერსიტეტის რექტორს ლაშა გოცირიძეს:
“ყველაზე სწორი, სამართლიანი და ეფექტური გზა არის, საბჭო შეიკრიბოს და გააბათილოს თავისი 12 მარტის გადაწყვეტილება. პრინციპში ის განცხადება, რაც მინისტრმა თქვა, რომ ორშაბათს დაიწყება. მეც ველოდები, რომ ოთხშაბათს ან საბჭოს სხდომა ჩატარდება, ან ორშაბათს დადგინდება ის რიცხვი, თუ როდის გააბათილებს საბჭო თავის გადაწყვეტილებას”
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 მარტს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში სპეციალური განცხადება გააკეთა ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე ჯიბლაძემ:
“მინდა გაცნობთ, რომ ცენტრში 15 მარტს შემოვიდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კორესპონდენცია, საიდანაც ჩანს, რომ ხარვეზი გამოსწორებულია. ახლა კი წინ გვაქვს ავტორიზაციის პროცედურები. ცენტრი ორშაბათიდან მზადაა, რომ მუშაობა დაიწყოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სწორედ ამ პროცედურებზე, რომ შეუფერხებლად და ეფექტურად წარიმართოს პროცესი”.– განაცხადა მან.
აღნიშნულ განცხადებას წინ უძღვოდა მინისტრის კომენტარი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის გაეცნო იმ საბუთებს, რომელიც სტუდენტებმა სამინისტროში დატოვეს და აგრარული უნივერსიტეტის წესდება კანონთან შესაბამისობაში მოყვანილია.
“მე მინდა მივულოცო ქართველ სტუდენტობას, განსაკუთრებით კი იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტობას, რომლის უფლებებიც აქამდე შელახული იყო. ის საბუთები, რომლებიც შემოვიდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ადასტურებს იმას, რომ წესდება გასწორებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ამ სტუდენტების უფლებებს ახლა უკვე ამ უნივერსიტეტშიც დაიცავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს მთავრობა. მე გილოცავთ ყველას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
აგრარული უნივერსიტეტს განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაცია 12 მარტს გაუუქმა. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის განცხადებით, აგრარული უნივერსიტეტის შემოწმება დაიწყო 2013 წლის 3 იანვარს რამდენიმე კვირის წინ შესული განცხადების საფუძველზე, სადაც მოცემული იყო ინფორმაცია ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევაზე. აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტთა საპროტესტო აქციები მოჰყვა.
