ახალი ამბები

პარლამენტისგან რეგიონალური და უმცირესობათა ენებზე ევროპის ქარტიის რატიფიცირებას ითხოვენ

17 მარტი, 2013 • • 1319
პარლამენტისგან რეგიონალური და უმცირესობათა ენებზე ევროპის ქარტიის რატიფიცირებას ითხოვენ

ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსენიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მიმართვის ტექსტზე, რომელიც პარლამენტში უნდა შევიდეს, ამ დრომდე მუშაობენ.

 

“ჯერ–ჯერობით სამუშაო პროცესს გადის ეს მიმართვა, როდესაც ბოლო ვარიანტი იქნება, ამის შემდეგ გაიგზავნება პარლამენტში. ამ მიმართვაში სომხურ ენასთან დაკავშირებით აქცენტი საერთოდ არ არის. ეს მიმართვა ეხება ევროპის ქარტიის რატიფიცირებას,”– განაცხადა მოვსენიანმა” ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

იმის მიუხედავად, რომ ახალქალაქის საკრებულოს მიმართვაში საუბარი არ არის სომხური ენისთვის ევროპული ქარტიის ნიადაგზე რაიმე სტატუსის მინიჭებაზე, ეს ინფორმაცია სწორედ ასეთი ინტერპრეტაციით გავრცელდა სხვადასხვა მედიაში. ასევე გამოქვეყნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ ახალქალაქის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელებმა” მოითხოვეს რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის” რატიფიცირება და სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭება, რის გამოც 18 მარტს, 14:00 საათზე ქართველ პატრიოტთა არასამთავრობო ორგანიზაცია “ეროვნული ფრონტი”საპროტესტო აქციას გეგმავს თბილისში, “საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” ოფისთან.

 

აქციის მოთხოვნები იქნება: 1. არა რეგიონულ ენებს; 2. არა აფხაზეთის რკინიგზის გახსნას ცალმხრივი დათმობის პირობებში; 3. ვგმობთ ოკუპაციის შესახებ კანონის შერბილებას; 4. არა მაჰმადიანი მესხების შემოსახლებას; 5. გაუქმდეს საქართველოს რეგიონალური მოწყობის მოდელი.

 

“ეროვნული ფრონტის” ორგანიზებით გასულ კვირაში თბილისში ანტითურქული აქცია გაიმართა.

 

საქართველოს პარლამენტის წევრი  პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან” და ახალქალაქის მაჟორიტარი სამველ პეტროსიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ის იცნობს ახალქალაქის საკრებულოს მიმართვის ტექსტს:

 

“იქ არ წერია სომხურ ენაზე არაფერი, იქ წერია, რომ პარლამენტს ვთხოვთ, რატიფიცირება გაუკეთოს ევროპულ ქარტიას. კონკრეტულად  სომხური ენის შესახებ არაფერი წერია”, – განაცხადა სამველ პეტროსიანმა. 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “რუსთავი2″–ის ეთერით განმარტება გააკეთა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, რომელიც იმავდროულად “რეპუბლიკური პარტიის” წევრია. მისი თქმით, 1999 წლიდან საქართველომ აიღო ვალდებულება, რათა განახორციელოს რატიფიკაცია ევროპის ქარტიისა რეგიონალურ და უმცირესობის ენების შესახებ. მისივე თქმით, საქართველოს ასევე ვალდებულება აქვს აღებული მაჰმადიანი მესხების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. 

 

“ადრე თუ გვიან საქართველოს აუცილებლად მოუწევს ამ ქარტიასთან მიერთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივიღებთ ვერანაირ ევროპულ ინტეგრაციას, რაზეც ასე ხშირად ლაპარაკობს ბატონი სააკაშვილი და მეტსაც გეტყვით, ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას ვერ მოეწერება ხელი, ვიდრე ჩვენ არ მივუერთდებით ამ ქარტიას. ასე რომ, ეს არის რთული და საზოგადოების განსახილველი საკითხი, ეს არის სახელმწიფო და პარლამენტის საკითხი, რადგან რატიფიკაცია პარლამენტს ეხება და როცა ვსაუბრობთ ევროკავშირთან და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოვებაზე, საჭიროა ვილაპარაკოთ იმ სირთულეებზე, რის გამოც ჩვენ დღემდე გვიჭირს რაღაც ნაბიჯების გადადგმა,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

 

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ასევე განმარტა, რომ დოკუმენტი საკმაოდ მოქნილია და იძლევა საშუალებას, სახელმწიფომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება მთელ ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე ამა თუ იმ ენას მიანიჭოს  ქარტიაში ჩამოთვლილი სხვადასხვა სტატუსიდან რომელიმე:

 

“სახელმწიფოზეა დამოკიდებული ყველაფერი. რატიფიკაცია ევალება მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტს. შესაძლოა პარლამენტმა შექმნას რაიმე კომისია,  რომელშიც შევლენ საზოგადოების წარმომადგენლებიც, უნდა აიწონოს ყველა რისკები, საფრთხეები  და, შესაბამისად, უნდა მოხდეს ამ ჩარჩო -კონვენციის მიღება, რატიფიცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ წინ ვერ წავალთ”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი