მთავრობის საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ ეს დეკლარაცია ცხადჰყოფს EPP-ის პარტიულ მხარდაჭერას პრეზიდენტ სააკაშვილისადმი.

 

“როგორც ჩანს, სააკაშვილის მოკავშირეები ევროპარლამენტში კონფრონტაციის ტაქტიკას არჩევენ, ამან კი შეიძლება ძირი გამოუთხაროს სწორედაც იმ მიზნებს, რომელთა დაცვასაც ემსახურება ევროპარლამენტი, მაშინ, როცა ევროკავშირის ემისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგი დახმარებას უწევს მთავრობას რეფორმების განხორციელებაში”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

 

მთავრობაში მიაჩნიათ, რომ EPP-ის რეკომენდაციები სხვა არაფერია, თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წაყენებული დაუსაბუთებელი ბრალდებების მთელი ნუსხა ახალი ფორმულირებით:

 

“ეს იმას ნიშნავს, რომ სახალხო პარტიას არ შესწევს უნარი, ჩამოაყალიბოს საკუთარი პოლიტიკური დასკვნები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, რომლებიც დაეფუძნება არაპარტიულ, სათანადოდ შესწავლილ და ადამიანის უფლებებზე დამყარებულ ანალიზს”.

 

მთავრობის წერილში ნათქვამია, რომ პრემიერ–მინისტრი მზად არის მიმართვით გამოვიდეს ევროპარლამენტში, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა, სიტყვით მიმართოს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტს.

 

საპასუხო წერილში საქართველოს მთავრობა ყველა იმ პუნქტს სცემს პასუხს, რომელიც გამოიყო ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაში, როგორც დემოკრატული განვითარების ხელშემშლელი, პრობლემური საკითხები, მას შემდეგ, რაც საქართველოში არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება.

 

შენიშვნას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ მიეცა ამ დრომდე პარლამენტში გამოსვლის საშუალება, 8 თებერვალს კი მისი სიტყვით გამოსვლის წინ ადგილი ჰქონდა ძალადობას, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ სააკაშვილს მიმართა, არ გამოვიდეს პრეზიდენტის სასახლიდან, მთავრობა ასე პასუხობს:

 

“პარლამენტს არ აუკრძალავს პრეზიდენტისათვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა. სიტყვით გამოსვლის თარიღი არც კი იყო შეთანხმებული. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მიწვევა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისათვის თავად პარლამენტის პრეროგატივაა. სიტყვით გამოსვლის თარიღი იცვლება ყოველ წელს.”

 

მთავრობა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის გადავადების 2 მიზეზს ასახელებს: 

 

– პრეზიდენტს სჩვევია დაგვიანებით გამოცხადება (ან საერთოდ არგამოცხადება) წინასწარ შეთანხმებულ გამოსვლებზე, რაც მიუთითებს, რომ იგი საკმარისად არ სცემს პატივს პარლამენტს;

 

– სააკაშვილმა უარი განაცხადა პარლამენტის წევრთა მოთხოვნაზე, გამოეხატა საკუთარი მოსაზრება საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით.

 

მთავრობის პასუხში ასევე ნათქვმია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის არავის უბრძანებია სასახლეში ყოფნა. ხოლო რაც შეეხება 8 თებერვლის მოვლენებს, მთავრობის შეფასებით, “თუკი ძალადობა მართლაც იყო „დადგმული და მოწყობილი“, იგი დაგეგმა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და არა მმართველმა პარტიამ”.

 

ევროპის სახალხო პარტიის შენივნაზე, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს თანაბარი კონკურენტული გარემო ყველა პოლიტიკური ძალისთვის და არ უნდა ჰქონდეს ადგილი პოლიტიკურ დევნას, საქართველოს მთავრობა პასუხობს, რომ ხელისუფლება რჩება კანონის უზენაესობის ერთგული და არ არის დაკავებული არავითარი პოლიტიკური დევნით.

 

“ახალი ხელისუფლების მოსვლიდან სამი თვის განმავლობაში მთავარ პროკურატურაში შევიდა დაახლოებით 18 000 საჩივარი, რომლებშიც აღწერილია წინა ხელისუფლების თანამდებობის პირთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულები. ზოგიერთი საქმე ეხება ყოფილ თანამდებობის პირებს. მიუხედავად ამისა, შერიგებისაკენ ნაბიჯების გადადგმის მიზნით, ხელისუფლება გეგმავს პოლიტიკურ ამნისტიას ყველა დანაშაულისათვის, გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისა”, – ნათქვამია მთავრობის წერილში.

 

ხელისუფლება თავის წერილში ემიჯნება ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ ეს “პროცესები არ არის დაკავშირებული ხელისუფლების სახელმწიფო პოლიტიკასთან. თვითმმართველობებში შექმნილი ვითარება ცვლილებების უწყვეტი
პოლიტიკური პროცესის ნაწილია, რომელშიც მთავრობა და პარლამენტი არ ერევიან.”

 

ევროპის სახალხო პარტიის შენიშვნები ასევე ეხება მართლმსაჯულების სისტემაში წამოწყებული რეფორმის საკითხებს, კერძოდ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს. მთავრობის პასუხში აღნიშნულია, რომ მართლმსაჯულების სისტემის ყველა რეფორმა შემუშავდა გამჭვირვალობის სრული დაცვითა და მოქმედ მოსამართლეებთან კონსულტაციების შედეგად, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

 

ევროპის სახალხო პარტია პრობლემურ საკითხად გამოყოფს მედიის თავისუფლების საკითხს, კერძოდ კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფლებას და მიუკერძოებლობას.

 

მთავრობის საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა.

 

“პრემიერ–მინისტრის წინადადება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო ტელეკომპანია ,,მე–9 არხის“ შერწყმის
შესახებ აღარ განიხილება, რათა მთლიანად გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი, იმის გამო, რომ ტელეკომპანია ,,მე–9 არხი“ პრემიერ-
მინისტრის მეუღლის მფლობელობაშია… პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა ამ გეგმაზე, რათა ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ ის საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს. პრემიერ-მინისტრი ეძებს გზებს, რათა იგი და მისი ოჯახი აღარ ასოცირდებოდეს ტელეკომპანია ,,მე–9 არხთან“, – ნათქვამია მთავრობის წერილში.

 

მთლიანობაში საქართველოს მთავრობა წერილში მიუთითებს, რომ ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაცია ბუნდოვანია და შეიცავს მკაცრ კრიტიკას ყოველგვარი მაგალითების, დასაბუთების გარეშე:

 

“და ასახავს საქართველოს ოპოზიციური პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ პოზიციას, იმის ნაცვლად, რომ სათანადოდ იყოს შესწავლილი და დაბალანსებულად იყოს შეფასებული საქართველოში შექმნილი ვითარება.”

 

ევროპის სახალხო პარტიას ერთ-ერთი ყველაზე სოლიდული შემადგენლობა ჰყავს ევროპარლამენტში. აღნიშნული პარტიის შემადგენლობაში დამკვირვებელი წევრის სტატუსით საქართველოდან წარმოდგენილია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

 

EPP-ის კრიტიკულ შენიშვნებს ვრცელი წერილით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რასაც მოჰყვა ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაცია საქართველოს შესახებ. ამის შემდეგ კი EPP-ის საქართველოს მთავრობამ უპასუხა ვრცელი წერილით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *