“მინდა გაცნობთ, რომ ცენტრში 15 მარტს შემოვიდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კორესპონდენცია, საიდანაც ჩანს, რომ ხარვეზი გამოსწორებულია.  ახლა კი წინ გვაქვს ავტორიზაციის პროცედურები. ცენტრი ორშაბათიდან მზადაა, რომ მუშაობა დაიწყოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სწორედ ამ პროცედურებზე,  რომ შეუფერხებლად და ეფექტურად წარიმართოს პროცესი”.– განაცხადა მან. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის გაეცნო იმ საბუთებს, რომელიც სტუდენტებმა სამინისტროში დატოვეს და აგრარული უნივერსიტეტის წესდება კანონთან შესაბამისობაში მოყვანილია.

 

“მე მინდა მივულოცო ქართველ სტუდენტობას, განსაკუთრებით კი იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტობას, რომლის უფლებებიც აქამდე შელახული იყო. ის საბუთები, რომლებიც შემოვიდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ადასტურებს იმას, რომ წესდება გასწორებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ამ სტუდენტების უფლებებს ახლა უკვე ამ უნივერსიტეტშიც დაიცავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს მთავრობა. მე გილოცავთ ყველას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

 

აგრარული უნივერსიტეტს განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაცია 12 მარტს გაუუქმა.  განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის განცხადებით, აგრარული უნივერსიტეტის შემოწმება დაიწყო 2013 წლის 3 იანვარს რამდენიმე კვირის წინ შესული განცხადების საფუძველზე, სადაც მოცემული იყო ინფორმაცია ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევაზე.  აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტთა საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *