ახალი ამბები

ხათუნა ხოფერიას შვილს 7 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

16 მარტი, 2013 • • 1712
ხათუნა ხოფერიას შვილს 7 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბექა ხოფერიას, დავით ეჯიბიას, გიგა იობაშვილსა და ერასტი საბანაძეს ბრალად ედებათ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ჯგუფის მიერ.


“სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მათ ბრალად ედებათ მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, ასევე არსებობს მათი მხრიდან მიმალვისა და საქმეზე შემხებლობის მქონე პირებზე ზემოქმედების საფრთხე, ასევე საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დასადგენია დანაშაულში შესაძლო თანამონაწილე პირები; გარდა ამისა, ბრალდებული დავით ეჯიბია არის წარსულში ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დავით ეჯიბიას შეუფარდა პატიმრობა ხოლო ბექარ ხოფერიას, გიგა იობაშვილს და ერასტი საბანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 7000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ბრალდებულები დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან პატიმრობიდან”.– ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


შეგახსენებთ, რომ წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2013 წლის 14 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N 13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულებმა ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით პოლიციის ორ თანამშრომელს მათ მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 7 მაისს, 12 საათზე.

 

ბრალდებულებიდან ერთ–ერთი, ბექა ხოფერია პარლამენტის ყოფილი წევრის, შემდეგში კი ირაკლი ალასანიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, ხათუნა ხოფერიას შვილია. ხათუნა ხოფერიამ 14 მარტს  განაცხადა, რომ მისი შვილი სასტიკად იყო ნაცემი:

“სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ორ პოლიციელს მოუვიდა ჩხუბი, რომელსაც შეესწრნენ ბექა და მისი მეგობრები და რომ ჩადგნენ შუაში, ამ დროს პოლიციის მხრიდან მოხდა ოთხი გასროლა. ესენი, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდნენ, არ იცოდნენ, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები. ბექა არის საშინელი ნაცემი, ერთ–ერთი კიდევ იქ მყოფი არის საშინელი ნაცემი, სიტუაცია არის დაახლოებით ისეთივე, რაც მოხდა რობაქიძის დროს, უბრალოდ ჰაერში გასროლილი ტყვია არ მოხვდა ჩემს შვილს. ჩემს შვილს რომ ის ტყვია მოხვედროდა, გარწმუნებთ, მერე იქ დაყრიდნენ ავტომატებსაც, ყუმბარებსაც და ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა ამ სიტუაციისთვის. რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ ვიბრძოლო ბოლომდე იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს”, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი