ახალი ამბები

სასამართლო: ხელვაჩაურის გამგებელი და მისი მოადგილე კანონის ნორმების დარღვევით დააკავეს

16 მარტი, 2013 • 1366
სასამართლო: ხელვაჩაურის გამგებელი და მისი მოადგილე კანონის ნორმების დარღვევით დააკავეს

სასამართლომ ბრალდებულები დაკავებიდან გაათავისუფლა და აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 10000 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. 

 

სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულების დაკავებიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ბრალდებულთა დაკავებისას არსებითად იქნა დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, კერძოდ, მათი დაკავება განხორციელდა სასამართლო განჩინების გარეშე, მაშინ, როდესაც სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ არ არსებობდა ბრალდებულთა დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა.

 

“სამართალდამცავებმა ლევან ლორთქიფანიძე და ნოდარ შარაბიძე დააკავეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მათ სამუშაო ადგილზე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, რის გამოც სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ბრალდებულთა მხრიდან მიმალვისა და საგამოძიებო ორგანოებში გამოუცხადებლობის საფრთხე.

 

სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა დასაბუთებულად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მართებულობა და მიზანშეწონილობა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულთა პირადი მახასიათებლები, კერძოდ, ისინი წარსულში არ არიან ნასამართლევი, აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არიან დაოჯახებული.

 

ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული ნოდარ შარაბიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება ლევან ლორთქიფანიძისა და ნოდარ შარაბიძის მიმართ სრულად უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. 

 

აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 1 მაისს, 11 საათზე.

 

ლორთქიფანიძე და შარაბიძე 13 მარტს ანტიკორუფციულ სააგენტოს (ყოფილი კუდი) თანამშრომლებმა დააკავეს. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა ედებათ ბრალად.

 

გამოძიების ინფორმაციით, ლევან ლორთქიფანიძემ და ნოდარ შარაბიძემ ერთ-ერთ მეწარმეს მიანიჭეს უპირატესობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია.

 

ლევან ლორთქიფანიძე და ნოდარ შარაბიძე თანამდებობებზე ახალი წლის შემდეგ დაინიშნენ. არჩევნებამდე კი ლევან ლორთქიფანიძე „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობდა ხელვაჩაურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი