ახალი ამბებიკომენტარი

ნინია კაკაბაძე “წითელ ზონასა” და ინტერview-ზე ▷ VIDEO

16 ივნისი, 2017 •
ნინია კაკაბაძე “წითელ ზონასა” და ინტერview-ზე ▷ VIDEO

“შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული არ არსებობს ხელისუფლება, რომელმაც გოგი გვახარიას გადაცემა არ დახურა”, – ამბობს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელსაც ნეტგაზეთი “წითელი ზონისა” და ინტერview-ს შესახებ ესაუბრა.

ნინია კაკაბაძე დღეს იმყოფებოდა აქციაზე, საზელწოდებით “საზმაუ ჩვენია”, და მაუწყებელში მიმდინარე პროცესები გააპროტესტა.

“გოგი გვახარიას გადაცემებს თავისი ისტორია აქვს.  ქართულ მედიასივრცეში ყველაზე დიდი რეფორმატორი სწორედ გოგი გვახარია იყო, რომელმაც შემოიტანა სიახლეები. ეს ყოველთვის მებრძოლი გადაცემა იყო და საზოგადოებაში არსებულ დოგმატურ თემებზე საუბრობდა. ჩვენ ამან გარკვეულწილად აზროვნების სტილიც კი შეგვიცვალა, რადგან ძალიან ბევრი ახალი რამ გაგვაგებინა. ის თავის მნიშვნელობასა და აქტუალურობას დღესაც არ კარგავს, ისევ საჭიროა. “წითელი ზონა” საბჭოთა მემკვიდრეობაზე საუბრობდა, რომლისგანაც ისევ ვერ გავთავისუფლდით. ამიტომ მისი არსებობდა დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს ნინია კაკაბაძე.

ჟურნალისტი ასევე აპროტესტებს სალომე ასათიანის ინტერview-ს დახურვასაც.

“რაც შეეხება სალომე ასათიანის გადაცემას. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო გადაცემა, რომელიც Hardtalk-ის მწვავე დისკუსიის კულტურას გვაჩვენებდა… როგორი შეიძლება იყოს მცოდნე, განათლებული, პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელიც ასეთივე პროფესიონალურ ინტერვიუს იღებდა ხოლმე ნებისმიერი პოლიტიკოსისა თუ ექსპერტისაგან. სალომე ასათიანის გადაცემა იყო იმის საშუალება, რომ სატელევიზიო მედიაში  ისეთი დებატების ახალი სტანდარტი შეგვექმნა, როგორიც ცივილიზებულ ქვეყნებში არსებობს”, – ამბობს ჟურნალისტი და აგრძელებს.

“შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული არ არსებობს ხელისუფლება, რომელმაც გოგი გვახარიას გადაცემა არ დახურა. ეს ხელისუფლება ვერ იქნებოდა გამონაკლისი. ჩემთვის სამწუხარო მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ გოგი გვახარიას გადაცემა ია ანთაძის ხელით დახურა, რომელიც აქამდე დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ ჟურნალისტად ითვლებოდა და სხვა ჟურნალისტების უფლებებისათვისაც იბრძოდა, მაგრამ დღეს ის დღევანდელი ხელისუფლების სახედ გვევლინება”.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ია ანთაძეს, თუმცა მან საპასუხო კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

13 ივნისს რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა დავით კაკაბაძემ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ  მათ წერილობით მიიღეს შეტყობინება, რომ გოგი გვახარიას გადაცემა “წითელი ზონა” და სალომე ასათიანის “ინტერview” მაუწყებლის ეთერში აღარ გავა.

კაკაბაძის განცხადებით, გადაცემების დახურვის მიზეზად საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე რეორგანიზაცია სახელდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის უფროსმა, ია ანთაძემ ტელეკომპანია პირველს განუცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გარე სტუდიებთან თანამშრომლობას წყვეტს და ამის გამო დახურეს გადაცემები – “წითელი ზონა” და “ინტერview”.

“ფაქტი არის ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ბევრი რამ იცვლება, მათ შორის იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში გადაცემის მოხვედრის წესი. ჩვენთან გადაცემა მზადდება ორ ბლოკში. მედიაწარმოების ბლოკში გამოცხადებული იყო კონკურსი. გადაცემები ამ ბლოკში მხოლოდ და მხოლოდ მოხვდება კონკურსის წესით. და მეორე – ეს არის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი, სადაც გადაცემები მოხვდება მხოლოდ და მხოლოდ შიდა რესურსით, ანუ თანამშრომლობა გარე სტუდიებთან, თანამშრომლობა სხვა მედაორგანიზაციებთან, იმ ტიპის ხელშეკრულებები, რომლებიც იყო დადებული, მაგალითად, რადიო თავისუფლებასთან, ამ ეტაპზე არ იგეგმება. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამბიცია, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ის პროდუქტი, რაც შემოვა მხოლოდ და მხოლოდ კონკურსის წესით და დამზდდება შიდა რესურსით. ესაა და ეს, მეტი არაფერი”, – ამბობს ია ანთაძე.

ანთაძის განმარტებით, რადიო “თავისუფლებასთან” თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ გარე სტუდიებან კონტრაქტის შეწყვეტაა.

“ბევრი რამ იცვლება საზოგადოებრივ მაუწყებელში. როდესაც ჩვენ მივალთ ბოლომდე და ჩამოვაყალიბებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ სახეს, იურიდიულად და ფაქტობრივად, რასაც შევთავაზებთ მომავალი სეზონიდან მაყურებელს, ბევრი რამ გახდება უფრო მკაფიო, ვიდრე არის დღეს. პირადად მე ვიყავი ამ გადაცემის მაყურებელი. სალომეს გადაცემა “ინტერview” იყო ერთ-ერთი ჩემთვის საინტერესო ჩვენს ეთერში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც პრინციპები, რომლებიც მკვიდრდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, მე ძალიან მომწონს. და ძალიან მომწონს  ჩვენი ამბიცია, რომ ჩვენ ჩვენი ძალებით ვცადოთ და მაყურებელს ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია”, – განუცხადა “პირველს” ია ანთაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი