ავთანდილ სტურუა უკვე მესამედ დაიბარეს დაკითხვაზე პროკურატურაში, ეს ფაქტი სტურუამ და თევდორაძემ ერთობლივ ბრიფინგზე გააპროტესტეს.
ავთანდილ სტურუას განცხადებით, პროკურატურაში სიარულში ბევრ დროს კარგავს და საარჩევნოდ სრულფასოვნად მომზადებას ვერ ახერხებს:
“უნდათ, რომ მოახდინონ ჩემი პარალიზება, როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, და ხელი შეუშალონ სამტრედიაში არჩევნების ჩატარებას. მე მინდა ვთქვა პირდაპირ, ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით, ჩვენ ვერავინ ვერ შეგვაშინებს და ხელს ვერ შეგვიშლიან. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიადტმა გაიმარჯვოს სამტრედიაში. მე მინდა მივმართო პროკურატურას, თუ ვინმეს აქვს რაიმე გასარკვევი, გვაცადოს არჩევნების ჩატარება და შემდეგ მზად ვარ ყვლეფერი გავარკვიოთ.”
ავთანდილ სტურუა პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე მესამედ დაიბარეს: “მე უკვე მესამედ მიბარებენ პროკურატურაში. წინა ორი დაბარება, მიმაჩნია, რომ იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო. დღეს არ ვიცი, რაზე ვარ დაბარებული, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ხალხი ცდილობს ჩემზე მოახდინონ ფსიქოლოგიური ზეწოლა და იმ დროის დიდი ნაწილი, რაც უნდა მოვახმარო პოლიტიკურ ბრძოლას, წამართვა პროკურატურაში სიარულმა.”
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე ამბობს, რომ მას ამ სსკითხზე საუბარი ჰქონდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე:
“აღნიშნულ პრობლემაზე მე საუბარი მქონდა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. ზეწოლის განხორციელება ავთანდილ სტურუაზე გრძელდება. ჩვენთვის არ მოუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რა სტატუსით იკითხება დღეს სტურუა. ეს არის იმასთან დაკავშირებული, რომ სამტრედიის შტაბის ხელმძღვანელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. მალე ჩატარდება შუალედური საპარლამენტო არჩევნები სამტრედიის რაიონში. ყველაფერი კეთდება ამიტომ. ეს არ არის პატიოსანი ბრძოლის მეთოდი. ეს არ შედის იმ წესებში, რომელსაც ჰქვია დემოკრატია და საზოგადოების პლურალიზმი.”
გია თევდორაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ აცადოს ავთანდილ სტურუას არჩევნების ჩატარება, რომელიც 27 აპრილს არის დაგეგმილი: “ამის შემდეგ თუ ავთანდილ სტურუას კეთილსინდისიერებაში ეჭვი ეპარებათ, დაიბარონ საგამოძიებო სამსახურში.”
ავთანდილ სტურუა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.
სამტრედიაში 27 აპრილს მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ, რადგან წინა მაჟორიტარი კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა და მან პარლამენტი დატოვა.
