საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას წინ ვერაფერი დაუდგება და ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია გამოძიების აუცილებლობის ნაწილში ემთხვევა საქართველოს მთავრობის ინტერესებს.
ეს განცხადება თეა წულუკიანმა დღეს, 15 ივნისს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“ძალიან კარგია, რომ ეს რეზოლუცია იმ ნაწილში, რასაც ჰქვია გამოძიება, ემთხვევა ჩვენი მთავრობის პოზიციებს. გამოძიება მიმდინარეობს სწრაფი ტემპით. რამდენიმე ასეული მოწმეა უკვე დაკითხული და, როგორც ნახეთ, მივმართეთ აზერბაიჯანის შესაბამის ორგანოებს იმისათვის, რომ მთავარი მოწმის და ამ შემთხვევაში, სავარაუდო დაზარალებულის, თავად ბატონი მუხთარლის დაკითხვა მოხდეს. ამიტომაც, გამოძიებას წინ ვერაფერი დაუდგება. ის ჩატარდება. მთავარია, თანამშრომლობა შედგეს ორ ქვეყანას შორის იმისთვის, რომ გამოძიება ჩაითვალოს ეფექტურად,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს საღამოს “გაუჩინარდა”. მომხდარიდან 17 დღე არის გასული. მუხთარლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს შსს-ს მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაწყებული “გამოძიება ტარდება იმისათვის, რომ გამოძიება არ ჩატარდეს”. კერძოდ, ადვოკატის თქმით, გამოძიების ფარგლებში დაკითხულია 200 მოწმე, რომლებმაც არაფერი იციან. ამავდროულად, არ არის ამოღებული კამერების ჩანაწერები იმ ქუჩებიდან, რა გზითაც შეიძლება მუხთარლი გამტაცებლებს წაეყვანათ.
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, საღამოს, თბილისში საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.
აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.