ახალი ამბები

მინისტრების ანაზღაურება იზრდება

14 მარტი, 2013 • 2528
მინისტრების ანაზღაურება იზრდება

მინისტრების თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის #43 ბრძანებულებით – “აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”.

 

აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს მინისტრის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 3540 ლარით, ანუ წელიწადში 42 480 ლარით, ხოლო პრემიერის ხელფასი- წელიწადში 51 ათასი ლარით.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მინისტრები ყოველთვიურად,  ყოველგვარი სახელფასო დანამატით, ხელზე აიღებენ 6300 ლარს, ანუ წელიწადში 75 600 ლარს, რაც კანონით დადგენილ სარგოზე თითქმის ორჯერ მეტია.

 

პრემიერის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მართალია, თითოეული მინისტრის სარგო ყოველთვიურად და, შესაბამისად, წლიურად იზრდება, მაგრამ, ჯამში, 12%-ით მცირდება მათთვის განკუთვნილი სახელფასო ბიუჯეტი.

 

“სახელფასო სარგო იყო ბევრად ნაკლები, თუმცა სახელფასო ბიუჯეტი იყო გაცილებით დიდი იმიტომ, რომ ყოველთვიურად გაიცემოდა სახელფასო დანამატი, რომელსაც პრემიების სახით გამოწერდნენ. მთლიანი ხარჯი იქნა დათვლილი, დაჯამდა, რამდენი მილიონი ლარი დაიხარჯა მთავრობის წევრების სახელფასო სარგოებზე გასულ წლებში და აი, ამ ბიუჯეტებთან შედარებით 12%-ით შემცირდა და უარი ითქვა იმ მახინჯ პრაქტიკაზე, რაც არსებობდა, რომ აბსოლუტურად უკონტროლოდ ინიშნებოდა ეს პრემიები”, – განმარტავს პრემიერის პრესმდივანი მანანა თოქმაჯიშვილი.

 

თუმცა იგი ადასტურებს, რომ პრემიები ისევ გაიცემა, რადგან ჯერ კიდევ ძალაშია პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლითაც მინისტრის ხელფასი 3540 ლარია. ივანიშვილის გადაწყვეტილების მიხედვით, მინისტრები სახელფასო დანამატის სახით თვეში 2760 ლარს მიიღებენ.

 

“ამ ეტაპზე ასეა, მაგრამ მე როგორც ვიცი, მარტიდან ნორმატიული აქტი გამოიცემა, რომლის საფუძველზეც მინისტრების ხელფასები იქნება მოჭრით განსაზღვრული და ყველა მინისტრს მოჭრილად ექნება 6300 ლარი, რომელიც დაიქვითება და ხელზე ასაღები თანხა იქნება 5 040 ლარი”, – განმარტავს მანანა თოქმაჯიშვილი.

 

“ნეტგაზეთს” არაერთი მასალა აქვს მომზადებული მინისტრების თანამდებობრივი სარგოებისა და სახელფასო დანამატების თაობაზე. მაგალითად, 2010 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობის წევრების ხელფასისთვის კანონით 858 120 ლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა რეალურად მინისტრებმა 1 524 247.44 ლარი, 2011 წელს კი – 1 711 359 ლარი (მონაცემები ეფუძნება მინისტრების მიერ შევსებულ დეკლარაციებს) მიიღეს.

 

ივანიშვილის მთავრობის კაბინეტის (პრემიერ-მინისტრი და 19 მინისტრი) ხელფასებისთვის, პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, წელიწადში 858 120 ლარი უნდა დაიხარჯოს, თუმცა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მათი ხელფასებისთვის წელიწადში 1 512 000 ლარი დაიხარჯება, რაც 12 247 ლარით ნაკლებია 2010 წელს დახარჯულ თანხაზე და თითქმის 200 ათასი ლარით ნაკლები – 2011 წელს გაცემულ ხელფასებსა და პრემიებზე.

 

თუმცა სააკაშვილის მინისტრებს შორის იყო ერთადერთი გამონაკლისი მინისტრი, რომელიც პრემიით არ სარგებლობდა: იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, კანონის შესაბამისად, ხელფასის სახით ყოველწლიურად 42 480 ლარს გამოიმუშავებდა.

 

სააკაშვილის მინისტრებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ხელფასი და დანამატი 2011 წელს მიღებული აქვს გიორგი ბარამიძეს (ამჟამინდელი საპარლამენტო უმცირესობის წევრი) – 122 400 ლარის ოდენობით, ასევე, კულტურის ყოფილ მინისტრ ნიკა რურუას – 121 400 ლარის ოდენობით; 2010 წელს კი ამ მხრივ “რეკორდსმენი” იყო სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, რომელმაც 99 500 ლარი გამოიმუშავა, 2011 წელს კი კალმახელიძემ ხელფასის და პრემიის სახით 97 355 ლარი აიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი