საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყბელის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მომდევნო სეზონიდან “წითელი ზონა” და სალომე ასათიანის ინტერview ეთერში აღარ გავა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს:
“მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ამძაფრებს ეჭვებს მაუწყებელში მიმდინარე რეფორმის მიზნებთან დაკავშირებით. ახალი მენეჯმენტის ბუნდოვანი და არათანმიმდევრული პოლიტიკა, რადიო თავისუფლების იმ გადაცემების უალტერნატივოდ დახურვა, რომლებიც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მასალებს სთავაზობდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჩენს ბევრ კითხვას, მათ შორის საზოგადებრივ მაუწყებელში პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობისა და კრიტიკული შინაარსის შეზღუდვის შესახებ, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოახლოებულ წინასაარჩევნო პერიოდში”, – ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის უფროსმა, ია ანთაძემ ტელეკომპანია პირველს განუცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გარე სტუდიებთან თანამშრომლობას წყვეტს და ამის გამო დახურეს გადაცემები- “წითელი ზონა” და “ინტერview”.
“ფაქტი არის ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ბევრი რამ იცვლება, მათ შორის იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადეში გადაცემის მოხვედრის წესი. ჩვენთან გადაცემა მზადდება ორ ბლოკში. მედიაწარმოების ბლოკში გამოცხადებული იყო კონკურსი. გადაცემები ამ ბლოკში მხოლოდ და მხოლოდ მოხვდება კონკურსის წესით. და მეორე – ეს არის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი, სადაც გადაცემები მოხვდება მხოლოდ და მხოლოდ შიდა რესურსით, ანუ თანამშრომლობა გარე სტუდიებთან, თანამშრომლობა სხვა მედაორგანიზაციებთან, იმ ტიპის ხელშეკრულებები, რომლებიც იყო დადებული, მაგალითად, რადიო თავისუფლებასთან, ამ ეტაპზე არ იგეგმება. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამბიცია, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ის პროდუქტი, რაც შემოვა მხოლოდ და მხოლოდ კონკურსის წესით და დამზდდება შიდა რესურსით. ესაა და ეს, მეტი არაფერი”, – ამბობს ია ანთაძე.
ანთაძის განმარტებით, რადიო “თავისუფლებასთან” კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ გარე სტუდიებთან კონტრაქტის შეწყვეტაა.
“ბევრი რამ იცვლება საზოგადოებრივ მაუწყებელში. როდესაც ჩვენ მივალთ ბოლომდე და ჩამოვაყალიბებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ სახეს, იურიდიულად და ფაქტობრივად, რასაც შევთავაზებთ მომავალი სეზონიდან მაყურებელს, ბევრი რამ გახდება უფრო მკაფიო, ვიდრე არის დღეს. პირადად მე ვიყავი ამ გადაცემის მაყურებელი. სალომეს გადაცემა “ინტერview” იყო ერთ-ერთი ჩემთვის საინტერესო ჩვენს ეთერში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც პრინციპები, რომლებიც მკვიდრდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, მე ძალიან მომწონს. და ძალიან მომწონს ჩვენი ამბიცია, რომ ჩვენ ჩვენი ძალებით ვცადოთ და მაყურებელს ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია”, – განუცხადა “პირველს” ია ანთაძემ.