“საქართველოს ხელისუფლებას აფგან მუხთარლის საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისაკენ მოვუწოდებთ”, – ეს განცხადება ევროპარლამენტში დებატებისას ევროპარლამენტარმა სოცდეკებიდან, სორაია პოსტმა გააკეთა.
“აფგან მუხთარლი გაუჩინარდა თბილისში. როგორც თვითონ აცხადებს, ის სცემეს და გაიტაცეს… მომდევნო დღეს ის უკვე ბაქოში იყო.
ჩვენ გვინდა აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავება, მაგრამ ძალიან ნათლად უნდა ითქვას, რომ სხვა ქვეყნის სუვერენტინეტის შელახვა, ჟურნალისტის, ხელისუფლების კრიტიკოსის გატაცება სრულიად მიუღებელია. ჩვენ ამას ვგმობთ. საქართველოს ხელისუფლებას აფგან მუხთარლის საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისან მოვუწოდებთ, აზერბაიჯანს- მისი გათავისუფლებისაკენ”, – განაცხადა სოარაია პოსტმა.
დღეს ევროპარლამენტში მსჯელობენ აფგან მუხთარლის თაობაზე მისაღები რეზოლუციის შესახებ.
რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მხრიდან საქმეზე გამოძიების დაწყებას, თუმცა აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მუხთარლის საქართველოში გაუჩინარებისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შესაძლო არალეგალური გადაყვანის საქმე გამოიძიოს.
იმ შემთხვევაში კი, თუ აფგან მუხთარლის გატაცებაში ქართული მხარის ჩართულობა გამოვლინდება, ეს იქნება ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთების, მისი ღირებულებების და პრინციპების დარღვევა. ევროპარლამენტარები მსგავსი გამოძიების დაწყებისკენ აზერბაიჯანულ მხარესაც მოუწოდებენ.
ამასთანავე, ევროპარლამენტი შეახსენებს საქართველოსა და აზერბაიჯანს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს და მოუწოდებს ქართულ მხარეს, უზრუნველყოს მუხთარლის ოჯახის წევრების დაცვა. ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს აზერბაიჯანს, გაათავისუფლოს მუხთარლი, საქართველომ კი, ევროპარლამენტარების თქმით, უნდა უზრუნველყოს, რომ მუხთარლი საქართველოში საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.
აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.