საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადი ხუთმა მსურველმა შეიტანა. აქედან კომისიამ პარლამენტს სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს.
ეს ხუთი კანდიდატია:
დავით ცინცაძე – კინორეჟისორი, იურისტი;
გიორგი იაკობაშვილი – ბიზნესინჟინერი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი;
აკაკი გიგინეიშვილი – იურისტი, საერთაშორისო კერძო სამართლის სპეციალისტი;
ია მამალაძე – ჟურნალისტი;
მიხეილ მრევლიშვილი – ტელევიზიისა და კინოს რეჟისორი;
ლელა ფირალიშვილი – ფიზიკოსი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი;
პაატა სურგულაძე – აღმოსავლეთმცოდნე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი (მეორადი ფაკულტეტი), მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის ასპირანტი, ისტორიის კათედრის დოქტორანტი.
სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 29 მაისს გამოცხადდა. მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადების მიღების ვადა 13 ივნისს ამოიწურა.
საკონკურსო კომისიას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობს.
კომისიის შემადგენლობაში არიან: სოსო გალუმაშვილი (PR სააგენტო – „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის PR-სკოლის დამფუძნებელი და ლექტორი); თინათინ თვალაძე (ბლოგერი); ზურაბ მხეიძე (ფსიქოლოგი); არნოლდ სტეპანიანი (არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე); ოთარ ტატიშვილი (ექიმი და ტელეწამყვანი); ბასა ფოცხიშვილი (რეჟისორი, სტუდია „123-ის“ დამფუძნებელი); მარინე ჩიტაშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი).
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე თინათინ რუხაძე აცხადებს, რომ განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, 10 დღის ვადაში კომისია შეიკრიბება. პირველ ეტაპზე კომისიის წევრები კონკურსანტების ზოგად დოკუმენტაციებს შეისწავლიან. კომისიის წევრები გეგმავენ, კონკურსანტების კონცეფციების განხილვა მათთან ერთად პირდაპირ ეთერში მოხდეს.