ახალი ამბები

განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია დასრულდა

13 მარტი, 2013 •
განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია დასრულდა

სტუდენტები და მინისტრი შეთანხმდნენ, რომ იმ საბჭოს წევრები, რომლებმაც აგრარულ უნივერსიტეტს გაუუქმეს ავტორიზაცია, შეხვდებიან სტუდენტებს და დეტალურად განიხილავენ თითოეულ პრობლემურ საკითხს. გარდა ამისა, მარგველაშვილმა სტუდენტებს შესთავაზა, რომ თუ მათ არ მოსწონთ ის კანონმდებლობა, რის საფუძველზეც გაუქმდა “აგრარულის” ავტორიზაცია, მათ შეიმუშავონ საკანონმდებლო ინიციატივა და წარუდგინონ მთავრობას. გარდა ამისა, როცა გამოქვეყნდება კომისიის საბოლოო ოქმი, სტუდენტები და მინისტრი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს და პუნქტობრივად განიხილავენ ამ დოკუმენტს.

 

შეხვედრის პარალელურად შენობის გარეთ სტუდენტები იყვნენ მობილიზებული, მათ შორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტისა და თსუ-ს სტუდენტები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.

 

შეკრებილებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერებით – “დაიცავი დღეს, არ გახდე შემდეგი!” “დროა!”

 

სამინისტროს წინ გზა იყო გადაკეტილი, ხოლო ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

 

მინისტრთან სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები. შეხვედრის დასრულების შემდეგ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სიტყვით მიმართეს სამინისტროს გარეთ შეკრებულ სტუდენტებს, რის შემდეგაც აქცია დაიშალა.

 

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს გაუუქმდა აკრედიტაცია, რასაც საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი