გიორგი პავლიაშვილი, იგივე რეპერი მასტერი დღეს თბილისის საქალაქო პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.
“მე მაქვს მიმოწერა გიორგი ქებურიასთან. საუბარია მიმოწერაზე მათ დაკავებამდე, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ ბიჭებისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ მათ სამართალდამცველებთან კონფლიქტი ექნებოდათ კლიპის გამო”, – აცხადებს მასტერი ნეტგაზეთთან
ინფორმაციას მასტერის დაკითხვაზე დაბარების შესახებ მისი მეგობარი გიორგი გაბედავაც ავრცელებს. ის ვარაუდობს, რომ მასტერს შეკითხვებს ბირჟა მაფიის წევრების საქმეზე დაუსვამენ.
“რეპერი მასტერი (გიორგი პავლიაშვილი) დაბარებულია პროკურატურაში 13:00-ზე დაკითხვაზე, სავარაუდოდ, მტკიცებულებების წარსადგენად, კერძოდ- მიმოწერის. დაიწყო რეალური გამოძიება სამართალდამცავების მიმართ, როგორც ჩანს! დამნაშავეს მაინც არ ვიტყვი, სანამ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება იმ ადამიანებზე, ვინც ჩაუდო წამალი ბიჭებს!”, – წერს გაბედავა ფეისბუკზე. შემდეგ ის აკონკრეტებს, რომ საუბარია ბირჟა მაფიის წევრების მიმოწერაზე მათ დაკავებამდე.
ბირჟა მაფიის რეპერები, მიშკა მგალობლიშვილი (იანგ მაიკი) და გიორგი ქებურია (KAY G) ნარკოდანაშაულის ბრლადებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მათ აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რაც სააპელაციომ შეცვალა გირაოთი. დაკავებული რეპერები აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკი არ ჰქონიათ და სამართალდამცველებმა მტკიცბეულებები გააყალბეს მათ დასაკავებლად. რეპერების ამ განცხადების საფუძველზე ახალი გამოძიება დაიწყო, რომელიც პოლიციელთა ქმედებების კანონიერებას სწავლობს.