ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია “ტაბულა” დღეს, 22:00 საათზე საგანგებო
გადაცემით გავა ეთერში იმ სტუდიიდან, სადაც ამჟამად რემონტი მიმდინარეობს.
“ცხადია, პირველ რიგში სტუდენტებს მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თავიანთი პოზიცია გამოხატონ. სტუმრებს შორის იქნება კახა ბენდუქიძე, რომელიც მზად იყო განათლების მინისტრთან, გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ ესაუბრა. განათლების მინისტრის პრესსამსახურმა კატეგორიული უარი გვითხრა. სამწუხაროა, მაგრამ გასაგები – როგორც ჩანს, მინისტრს საკუთარი პოზიციის დაცვა ამ საკითხზე არ შეუძლია. ეთერი შევთავაზეთ პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრებს: ელისო ჩაფიძემ გვითხრა, რომ არ სცალია, ივანე კიღურაძემ გვითხრა, რომ “ტაბულასთან” ურთიერთობა არ სურს, ნუკრი ქანთარიამ გვითხრა, რომ საკითხს არ იცნობს”, – აცხადებს თამარ

ჩერგოლეიშვილი.
მისივე თქმით, “ტაბულამ” მოსინჯა პარლამენტის სხვა წევრებიც, თუმცა მმართველი ძალიდან ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, რომ საკითხს არ იცნობს, ხოლო, თინა ხიდაშელის თქმით, თბილისში არ იმყოფება.
“როგორც ჩანს, ამ საკითხზე ხელისუფლების პოზიციის დაცვისთვის საჭირო თავგანწირვა მმართველი ძალის თბილისში მყოფ დეპუტატებს არ აქვთ. მოვიწვიეთ ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი ავტორი, კახი ყურაშვილი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, მაგრამ მითხრა, რომ ცენტრის პრესსამსახური უნდა დამთანხმდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს მოსვლას. ველოდებით განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის პრესსამსახურის პასუხს”, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ტელეკომპანია “ტაბულა” და ჟურნალი “ტაბულა” არის “საქმოალაქო განათლების” ფონდის კუთვნილებაში. ფონდის დირექტორია თამარ ჩერგოლეიშვილი, ხოლო ერთ–ერთი მთავარი დამფინანსებელი კახა ბენდუქიძეა. “ტაბულამ” სამაუწყებლო ლიცენზია ტელეკომპანია “საქართველოსგან” გასული წლის შემოდგომაზე იყიდა და საცდელი მაუწყებლობა რამდენიმე თვის წინ დაიყო. სრულყოფილი მაუწყებლობის დაწყება კი უახლოეს მომავალში იგეგმება.