“გუნავას საქმესთან დაკავშირებით ძიების დროს დადასტურდა, რომ მისი დაკავების და ჩხრეკის დროს ადგილი
ჰქონდა რიგ უსწორობებს, რამაც საფუძველი შეურყია იმ ბრალდებას, რაც მის მიმართ იყო წარდგენილი იარაღისა და ნარკოტიკების ქონის გამო. აი, ამ ცდომილების გამო, რაც იყო მისი დაკავებისა და ჩხრეკის დროს, ეს ბრალდება თავს ვეღარ დაიჭერდა და ამიტომ პროკურატურის პოზიცია ლოგიკურია. სხვა ბრალდებები, რომელიც აქვს წარდგენილი გუნავას, ის მხარდაჭერილია პროკურატურის მიერ და მოხდება მისი განხილვა”, – განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა.
კითხვაზე, ამის შემდეგ დადგება თუ არა კონკრეტული პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი, მთავარი პროკურორი პასუხობს:
“დასკვნაში, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, გამოკვეთილია პოლიციელების პასუხისმგებლობა, თუმცა მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და მათი მხრიდან არ მომხდარა ნარკოტიკების და იარაღის ჩადება. რაც შეეხება უსწორობებს, კერძოდ, დაკავებისა და ჩხრეკის დროებში აცდენას, ეს განაპირობებს მათ არა სისხლისსამართლებრივ, არამედ დისციპლინარულ პასუხისმგბელობას. ამასთან დაკავშირებით შს მინისტრმა შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დადგება. გუნავას პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მას ჩაუდეს იარაღი და ნარკოტიკი, გამოძიებით არ დასტურდება”.
თენგიზ გუნავა 2012 წლის 16 ნოემბერს ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. ის ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკი და იარაღი დაკავებისას ჩაუდეს. გუნავა მისთვის ბრალის წაყენებას ბაჩო ახალაიასთან მეგობრობას და ამ ნიშნით ანგარიშსწორებას უკავშირებს. მან ჩაიტარა ექსპერტიზა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში არანაირი ნარკოტიკი არ მოუხმარია გარდა მისი დაკავების შემთხვევისა, როცა მის ორგანიზმში იყო ნარკოტიკული საშუალება მორფინი, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, დაკითხვისას წყალში გარეული დაალევინეს. გარდა ამისა, ამტკიცებს, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჯიბეში “მაკაროვის” სისტემის იარაღი ჩაუდეს. თენგიზ გუნავამ მისთვის იარაღის ჩადების ფაქტის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას დაუყოვნებლივ მიმართა. შსს–მ ჩაატრებული მოკვლევის შედეგად მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა პოლიციელებს.
თენგიზ გუნავას ასევე აქვს წაყენებული სხვა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლისა (უფლებამოსილების გადამეტება) და 182-ე მუხლის (მითვისება) მიხედვით. ამ საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში უკვე დაწყებულია.