ახალი ამბები

აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს

13 ივნისი, 2017 •
აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით დღეს, 13 ივნისს, ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

9 ივნისს ადვოკატმა მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება პროკურატურისგან მოითხოვა, თუმცა, მისივე თქმით, პროკურატურამ ეს მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. ამიტომ ჩოფიკაშვილმა დღეს სასამართლოს მიმართა.

“მთელი საერთაშორისო საზოგადოება და ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს ადამიანი მართლაც დაზარალდა ამ გატაცების შედეგად. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია. დღემდე წერილობითი პასუხი არც ერთ ჩვენს მოთხოვნაზე არ მიგვიღია,”- განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, საღამოს, თბილისში საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მუხთარლის სავარაუდო გატაცების საქმეზე საქართველოს შსს-მ 31 მაისს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი