მიმართვა სტუდენტური მულტიმედია ჯგუფის, “რეაქტორის” ბლოგზე გამოქვეყნდა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს და მოუწოდებენ სამინისტროს, უახლოეს მომავალში შეისწავლონ აგრარული უნივერსიტეტის საჭიროებები, დაეხმარონ უნივერსიტეტს ავტორიზაციის ხარვეზების გამოსწორებაში და სემესტრის დამთავრებამდე უზრუნველყონ აგრარული უნივერსიტეტის ხელახალი ავტორიზაცია:
“12 მარტს, დილის 5 საათზე ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმა. რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი იოსებ სალუქვაძე. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას. მათი უმრავლესობა მოითხოვს უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის დაბრუნებას. სტუდენტები ამბობენ, რომ სასწავლო გარემო, სწავლის ხარისხი და ფასი მათთვის მისაღებია. ჩვენ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, გვაღელვებს იმ 2000-ზე მეტი სტუდენტის ბედი, ვინც აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლობს. სოლიდარობას ვუცხადებთ მათ”, – ნათქვამია განცხადებაში.
თსუ–ს სტუდენტები მოუწოდებენ სამინისტროს, გამოინახოს გზები აგრარული უნივერსიტეტის იმ სტუდენტების დასახმარებლად, ვისაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო პრობლემები აქვს. საჭიროების შემთხვევაში კი მზადყოფნას გამოთქვამენ შეასრულონ მედიატორის როლი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სამინისტროს შორის.