“თუკი ასეთი მარტივია და ერთი საქაღალდიდან მეორეში გადასატანია ეს დოკუმენტაცია, გადაიტანონ და აღუდგებათ ავტორიზაცია. გამოასწორონ ხარვეზები და ხვალვე შეუძლიათ განაცხადის შემოტანა. მე იმედი მაქვს, რომ სტუდენტები შეძლებენ, რომ თავიანთ რექტორატს მოთხოვონ ამის შესახებ. შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ, ესეც სიმართლის დამტკიცების იარაღია, მაგრამ სასამართლოს როგორ უნდა მიმართო, როცა აღიარებ, რომ შენ გქონდა დარღვევა. ჩემთვის მიზანი ვინმეს დასჯა არაა, მიზანი დარღვევების გამოსწორებაა. მე ბევრად აზრიანად მიმაჩნია ამ დარღვევების გამოსწორება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, მან ამის შესახებ სტუდენტებსაც შეატყობინა, თუმცა აგრარულ უნივერსიტეტში შეხვედრა მალევე დატოვა, რადგან კონკრეტული პირები ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობენ:
“სტუდენტებთან საუბარი თავდაპირველად ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, თუმცა, როდესაც უკვე სტუდენტებს არ ვესაუბრებოდი, არამედ ძალიან გაღიზიანებულ პოლიტიკოსებს, მე დავტოვე შეხვედრა, სწორედ რომ პოლიტიზება არ მინდა საკითხის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილი საბჭოს გადაწყვეტილების პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავს. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საბჭო, კომისია და კანონი, რომლის მიხედვითაც საბჭო მოქმედებს, წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა, საკითხის პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავს.
